ახალი ამბები

პედოფილიაზე ბრალდების გამო “სიმფსონებიდან” მაიკლ ჯექსონის გახმოვანებული სერია ამოიღეს

8 მარტი, 2019 • 1727
პედოფილიაზე ბრალდების გამო “სიმფსონებიდან” მაიკლ ჯექსონის გახმოვანებული სერია ამოიღეს

მულტსერიალ “სიმფსონების” ცნობილი სერია, რომელშიც მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთ პერსონაჟს ახმოვანებს, ბრუნვიდან ამოიღეს.

გამოცემა Wall Street Journal-ის თანახმად, “სიმფსონების” აღმასრულებელმა პროდიუსერმა განაცხადა, რომ ეპიზოდი HBO-ს დოკუმენტური ფილმის, Leaving Neverland-ის ნახვის შემდეგ მოხსნა. ამ დოკუმენტურ ფილმში ორი კაცი — ვეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩუკი — მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ იგი მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

“სიმფსონები” ამერიკული ანიმაციური სიტკომია, რომელიც 1989 წლიდან დღემდე გადის. პროდიუსერმა, ჯეიმს ბრუკმა, ამოღებულ ეპიზოდს “საგანძური” უწოდა, რადგან მას “ძალიან ბევრი კარგი მოგონება უკავშირდება”. თუმცა, მისი თქმით, ის ინფორმაცია, რაც ჯექსონზე გავრცელდა, “უფლებას არ გვაძლევს, რომ [ხელშეუხებლად] დავტოვოთ”.

“წიგნების დაწვის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ჩვენი წიგნია, და ჩვენ გვაქვს უფლება, ერთი ნაწილი ამოვიღოთ”.

ეპიზოდში, სახელად “Stark Raving Dad”, რომელიც 1991 წლის სექტემბერში გავიდა ეთერში, ჰომერ სიმფსონს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც იგი ხვდება კაცს, რომელსაც თავი მაიკლ ჯექსონი ჰგონია. ჯექსონმა სერიის ეს იდეა თავად შესთავაზა სიმფსონების შემქნელ მეტ გრონინგს. მუსიკოსმა დაწერა სიმღერა “დაბადების დღეს გილოცავ, ლიზა”, რომელიც ამავე ეპიზოდშია გამოყენებული.


ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში ფეხბურთის ეროვნულმა მუზეუმმა მაიკლ ჯექსონის სკულპტურა აიღო, თუმცა მუზეუმი აცხადებს, რომ სკულპტურის აღება აღნიშნულ ბრალდებებს არ უკავშირდება. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჯექსონის მუსიკა თავისის პროგრამებიდან კანადისა და ახალი ზელანდიის რამდენიმე წამყვანმა რადიომ ამოიღო.

მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში სდებენ ბრალს

მასალების გადაბეჭდვის წესი