ნეტგაზეთი | მუზეუმიდან ჯექსონის სკულპტურა მოხსნეს, რამდენიმე რადიომ მისი მუსიკა პროგრამიდან ამოიღო მუზეუმიდან ჯექსონის სკულპტურა მოხსნეს, რამდენიმე რადიომ მისი მუსიკა პროგრამიდან ამოიღო – Netgazeti

მუზეუმიდან ჯექსონის სკულპტურა მოხსნეს, რამდენიმე რადიომ მისი მუსიკა პროგრამიდან ამოიღო

ბრიტანეთში ფეხბურთის ეროვნულმა მუზეუმმა მაიკლ ჯექსონის სკულპტურა აიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

მანჩესტერში აღნიშნულ სკულპტურას დამთვალიერებლებს 2014 წლიდან უჩვენებენ, თუმცა ის მიმდინარე კვირაში აიღეს. მუზეუმმა გავრცელებულ განცხადებაში სკულპტურის აღება ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ბრალდებებს არ დაუკავშირა.

CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჯექსონის მუსიკა თავისის პროგრამებიდან კანადისა და ახალი ზელანდიის რამდენიმე წამყვანმა რადიომ ამოიღო.

“პოპის მამას”, მაიკლ ჯექსონს, რომელიც 2009 წელს დაიღუპა, პედოფილიაში სდებენ ბრალს.

ამერიკულ არხ HBO-ზე გასულ დოკუმენტურ ფილმში ორი კაცი — ვეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩუკი — ამბობს, რომ მაიკლ ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა. როგორც გამოცემა Vox წერს, ამ დოკუმენტურმა ფილმმა შეიძლება,”სამუდამოდ შეცვალოს პოპის მეფის მემკვიდრეობა”.

ბრალდებები

რობსონი და სეიფჩუკი, რომლებიც ამჟამად 36 და 41 წლისანი არიან, ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმში, Leaving Neverland-ში, დეტალურად აღწერენ, როგორ ძალადობდა მათზე პოპვარსკვლავი წლების განმავლობაში, მცირე ასაკიდან თინეიჯერობამდე.

ეს არ არის ჯექსონის წინააღმდეგ პირველი ბრალდება მცირეწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. 1993 წელს მის წინააღმდეგ სასამართლო საჩივარი შეთანხმებით დასრულდა. 2005 წელს სისხლის სამართლის საქმეში იგი უდანაშაულოდ ცნეს. ამ ორივე საქმის მიმდინარეობისას რობსონმა და სეიფჩუკმა, რომლებიც მომღერლის გარემოცვაში ტრიალებდნენ, სასამართლოს და გამომძიებლებს ჯექსონის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება. თუმცა ახლა ორივე მათგანი ამბობს, რომ ჯექსონი ბავშვობაში მათზეც ძალადობდა.

ფოტო: გარდიანი

“მაიკლ ჯექსონი ერთ-ერთი ყევლაზე კეთილი, მზრუნველი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. იგი ძალიან დამეხმარა კარიერასა და შემოქმედებაში”, – ამბობს ვეიდ რობსონი, თუმცა დასძენს: “ასევე, იგი შვიდი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა ჩემზე”.

ჯექსონი ორივე მათგანმა 1990-იან წლებში გაიცნო, რობსონი 7 წლის იყო, სეიფჩუკი — 11 წლის. ორივე მათგანი გიჟდებოდა ჯექსონის მუსიკაზე; ორივე მათგანი, ოჯახებთან ერთად, ჯექსონის ცხოვრების ნაწილი გახდა. ორივე მათგანი დადიოდა კალიფორნიაში ჯექსონის სასახლეში, როგორც თვითონ უწოდებდა, Neverland Ranch-ში; ორივე მათგანს ეძინა ხოლმე ჯექსონის ოთახში, ორივე მათგანი ამბობს, რომ მომღერალმა თავიდან მათთან ინტიმური კონტაქტი დაამყარა, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.

გარდიანის თანახმად, რობსონი ამბობს, რომ ჯექსონი ძლიერი მანიპულატორი იყო. “თავს მე მაგრძნობინებდა დამნაშავედ. ისე გამოჰყავდა, თითქოს ეს ისევე მინდოდა, როგორც თვითონ, თუ უფრო მეტად არა”. რობსონის თქმითვე, იგი ამ ამბავს “უცნაურად” არ აღიქვამდა, რადგან მოძალადე იყო ადამიანი, რომელიც მისთვის “ღმერთივით იყო”.

მაიკლ ჯექსონი რობსონების ოჯახთან ერთად

ჯეიმს სეიფჩუკი ჯექსონს 10-11 წლის ასაკში შეხვდა პეპსის რეკლამაზე მუშაობისას. ამის შემდეგ მუსიკოსმა ტურნეში წაიყვანა და სასტუმროს საკუთარ ოთახში აცხოვრებდა. სეიფჩუკის დედის თანახმად, მშობლებს უხაროდათ, რომ “ძალიან გაუმართლათ”, რადგან ჯექსონმა მათი შვილი ტურზე დაპატიჟა და ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათ შვილზე ძალადობდა. სეიფუჩუკის თქმით, ჯექსონი ეუბნებოდა, რომ თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, “ორივეს დაიჭერდნენ”.

ჯექსონების პასუხი

მომღერლის ოჯახი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ “ეს ყველაფერი ფულის გამო ხდება”. დენ რიდმა, დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა, უარყო ცნობები, თითქოს პერსონაჟების ოჯახებს ფილმის გამო კომპენსაცია მიიღეს.

ამას გარდა, ჯექსონის ფონდი HBO-ს უჩივის დოკუმენტური ფილმის გაშვების გამო. 53-გვერდიან საჩივარში ფონდი წერს, რომ ფილმი არის “გადაუმოწმებელი პროპაგანდის ცალმხრივი მარათონი, რომლის მიზანია, ურცხვად მოახდინოს ექსპლუატაცია უდანაშაულო ადამიანისა, რომელიც თავს ვეღარ დაიცავს”.

ჯექსონი 2009 წელს დაიღუპა ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზით მიღების შედეგად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com