ახალი ამბები

“ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღებაში ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელია

7 მარტი, 2019 • 772
“ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღებაში ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელია

ზუგდიდში, “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყებაში დაუდასტურეს.

შსს-ს განცხადებით, 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში, ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან ამავე ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით ერთ-ერთი ინკასატორი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მათ საინკასაციოდ გამზადებული ფული და ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები წაიღეს და მსუბუქი ავტომობილით ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი