@StalinskyK

პოლიციამ ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი – 1964 და 1980 წელს დაბადებული პირები.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში, ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან ამავე ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და  ცეცხლსასროლი იარაღით ერთ-ერთი ინკასატორი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მათ საინკასაციოდ გამზადებული ფული და ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები წაიღეს და მსუბუქი ავტომობილით ადგილიდან მიიმალნენ.

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა ელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათ პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით, ბრალდებულებმა ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების თანახმად, პოლიციამ ბრალდებულები 6 მარტს ზუგდიდში დააკავა, ავტომობილს კი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულს მიაკვლია. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება დაკავებულებს ყაჩაღობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანებას ედავება.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან