ახალი ამბები

საქართველომ ორი რეკომენდაციიდან 1 – ნაწილობრივ, მე-2 კი არ შეასრულა – ECRI

6 მარტი, 2019 • 2007
საქართველომ ორი რეკომენდაციიდან 1 – ნაწილობრივ, მე-2 კი არ შეასრულა – ECRI

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს მიერ პრიორიტეტული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომელიც ECRI-მა ქვეყანას 2016 წელს წარუდგინა. მონიტორინგის მე-5 რაუნდის ფარგლებში ECRI-მა განაახლა თავისი შუალედური შეფასება 23-დან ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას გასული 2 წლის განმავლობაში უნდა შეესრულებინა.

  • 1. ECRI-ის რეკომენდაციაა, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც საგანგებოდ იმუშავებს რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე. ამ დანაყოფის შექმნისას ხელისუფლებამ კომპეტენტური საექსპერტო რჩევისთვის უნდა მიმართოს სახალხო დამცველს, ასევე, შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს).

ECRI-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომისიას ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღო ინფორმაცია დეპარტამენტის ლგბტ უფლებების დამცველ NGO-ებთან თანამშრომლობის შესახებ და იმედოვნებს, რომ აღნიშნული  ჯგუფები, ასევე, ჩართულნი იქნებიან ახალ დეპარტამენტთან თანამშრომლობაში. ECRI პოზიტიურად აფასებს დეპარტამენტის შექმნას, თუმცა მისი საქმიანობის შეფასებას ნაადრევად მიიჩნევს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ასეთი დეპარტამენტი არ არის კომისიის მიერ რეკომენდირებული სპეციალიზებული საგამოძიებო ერთეულის შემცვლელი. კომისია ასკვნის, რომ  რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პოლიციის სპეცდანაყოფის შექმნის შესახებ რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულია.

  • 2. ECRI-ის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდოს მხარდაჭერა რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით საქმიანობს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დაავალოს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომ ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო არის მთავარი რგოლი რელიგიურ ჯგუფებთან ურთიერთობაში. თუმცა კომისია მიუთითებს სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობის დეფიციტზე რელიგიათა საბჭოსთან. იხსენებს 2015 წლის მოხეს ინციდენტს, როდესაც ადგილობრივმა თემმა პრობლემის გადაწყევტისთვის სახალხო დამცველისა და ტოლერანტობის ცენტრის ჩართულობა მოითხოვეს, რადგან არ ენდობოდნენ სახელმწიფო სააგენტოს. სააგენტომ ეს მოთხოვნა უგულებელყო. ვერ მიიღო რაიმე ხელშესახები მტკიცებულება რელიგიის საბჭოსა და სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ. ECRI-ის დასკვნით, რეკომენდაცია რელიგიათა საბჭოს მხარდაჭერის გაზრდის შესახებ არ არის შესრულებული.


ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპის საბჭომ დააარსა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ECRI ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნების მიხედვით, რითაც აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში
რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა თუ შეთავაზებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი