ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური არჩევნები და ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი “კისერზე ყულფით”

30 აგვისტო, 2014 • • 1738
აფხაზური არჩევნები და ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი “კისერზე ყულფით”

ასეთი დაძაბული წინასაარჩევნო რბოლა აფხაზეთში უკვე დიდი ხანია აღარ ყოფილა. არჩევნების დღეს სოხუმელ კაცებს ბოლო წუთამდე სასხლეტზე ეჭირათ თითი. გვიან ღამით, როცა ცნობილი გახდა შედეგები, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებმა თავიანთი კანდიდატის გამარჯვება სოხუმს ავტომატიდან ჰაერში სროლებით აცნობეს.

ხაჯიმბას მომხრეების ზეიმი არჩევნების გამარჯვების შემდეგ სოხუმის სანაპიროზე
ხაჯიმბას მომხრეების ზეიმი არჩევნების გამარჯვების შემდეგ სოხუმის სანაპიროზე

 

ახალი პრეზიდენტი მაშინვე ჩაიხუტეს. ახალგაზრდებმა, რომლებიც სოხუმის სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი, ცეკვა დაიწყეს; ვიღაცამ შამპანიურები მოიტანა ყუთით, ცაში ფოიერვერკი გაუშვეს.  

თავად ხაჯიმბა ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. მისალოც სიტყვებზე მოკლედ და ნაკლებად პომპეზურად პასუხობდა: “ჩვენ ამას 10 წელი ველოდით”.

გზა პრეზიდენტობამდე

56 წლის რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტი მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა. პოლიტიკურ სცენაზე მისმა ბენეფისმა 2004 წელს ლამის სამოქალაქო ომი გამოიწვია: ახალგაზრდა და ადგილობრივი აუდიტორიისთვის უცნობ პოლიტიკოსს ვლადიმერ პუტინმა დაუჭირა მხარი. რუსეთის ლიდერის მეგობრებმა მაშინ პირობა დადეს, რომ “ცას დაკეტავდნენ” დე ფაქტო სახელმწიფოსთვის, თუკი მოსახლეობა უარს იტყოდა მის მხარდაჭერაზე.

მოსკოვის ასეთი ღია ჩარევა მაშინ ხაჯიმბას ბოროტად შემოუბრუნდა უკან. მან არჩევნები წააგო სერგეი ბაღაფშთან, რის შემდეგაც ნომინალური თანამდებობდა დაიკავა აფხაზურ მთავრობაში. საკმაოდ მალე ოპოზიციაში წავიდა.

ხაჯიმბა დროს უქმად არ კარგავდა. 10 წლის მანძილზე მან პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა და გუნდიც შემოიკრიბა, თუმცა ბოლო დრომდე მეორეხარისხოვან როლში რჩებოდა. ის, რომ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტობის რეალური პრეტენდენტი გახდა, დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა ნათლად. მაშინ სოხუმში საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდა, რომელშიც ის ადამიანები გაერთიანდნენ, ვინც ალექსანდრ ანქვაბმა ხელისუფლებას ჩამოაცილა და ბიზნესიდან განდევნა.

შარშან ოპოზიციონერებმა ტურნე გამართეს აფხაზურ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ხალხს მოუწოდებდნენ – “დაესრულებინათ უკანონობა”. თავდაპირველად მათ აუდიტორია ნაკლები ინტერესით შეხვდა.

უკმაყობილების ტალღის აგორება ქართული თემის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა ოპოზიციაში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დაქოქეს, რომელიც აფხაზური პასპორტების უკანონოდ გაცემის ფაქტებს სწავლობდა. გამოძიების დაწყებისთანავე დეპუტატებმა წინასწარ იცოდნენ, თუ რით დასრულებოდა ეს. აფხაზური პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებისთვის არ იყო საიდუმლო, რომ აღმოსავლეთის რაიონების მცხოვრებლები არ ამბობენ უარს ქართულ დოკუმენტებზე, როდესაც აფხაზურ პასპორტებს იღებენ. ასე გრძელდებოდა მთელი ექვსი წლის განმავლობაში, იმ დროიდან, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ანქვაბის მმართველობის დროს გალის რაიონში პასპორტიზაციის პროცესი შესამჩნევად დაჩქარდა. გასული წლის სექტემბერში დეპუტატებმა ანგარიში წარმოადგინეს, რასაც თან დაურთეს საიდუმლო დოკუმენტი უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი ბოლო სხდომიდან, სადაც მოხსენიებული იყო ანქვაბის ბრძანება, რომ “ხელბორკილები დაედოს” ყველას, ვინც ცდილობს გალელების პასპორტიზაციის შეჩერებას.

ოპოზიცია მზად იყო ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, მაგრამ ამჯობინა ეს პროცესი გადაედო მოახლოებული ოლიმპიადის გამო რუსეთში. როგორც კი სოჭში თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა, ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა “სახალხო კრება” მოიწვიეს.

რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

 

“ანქვაბი თვითონვეა დამნაშავე”

 

მაისის ბოლოს სოხუმის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რაც ადგილობრივი მასშტაბებით უპრეცედენტო რაოდენობა იყო. ანქვაბმა უარი თქვა წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციის გაგრძელებაზე და არ გავიდა ხალხთან. მის უახლოეს გარემოცვაში მოგვიანებით თქვეს, რომ მან ეს თავისი სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ გააკეთა.

ანქვაბი დე ფაქტო პრეზიდენტი 2011 წელს გახდა ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზული მხარდაჭერით. მისი ამომრჩევლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ადამიანი, რომელსაც სიმტკიცისა და პრინციპულობისთვის “რკინის ალიკა” უწოდეს, შეძლებდა კორუფციასთან გამკლავებას და სახელმწიფოს მშენებლობას.

ანქვაბმა საკმაოდ მალე უარყო რეფორმების გეგმა. 2012 წლის თებერვალში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ძალიან დაავიწროვა სანდო პირების წრე და შეწყვიტა ურთიერთობა რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთანაც კი, რომლებიც თავად დანიშნა. ანქვაბის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელსაც ვესაუბრე, მის მძიმე ხასიათს გაუსვა ხაზი:

“მას გამოსდიოდა ის, რომ მტრად ექცია ყველაზე ახლობელი ადამიანი, – თქვა მან – მასთან მოდიოდნენ და თხოვდნენ, მაგალითად, 3000 რუბლს ბავშვის მკურნალობისთვის. ის აძლევდა ამ ფულს, მაგრამ ხანგრძლივი ხვეწნის და ათასი სისაძაგლის თქმის შემდეგ. დღითიდღე მას უფრო და უფრო იძულებდნენ. ანქვაბი თვითონვეა დამნაშავე”.

მმართველობის დასაწყისიდანვე ანქვაბი კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი იყო. იგი აცხადებდა, რომ ეს შეაფერხებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს. 2,5 წლის მანძილზე მან მოახერხა დაპირისპირება არა მხოლოდ ოპოზიციონერებთან, არამედ ბევრ მის მხარდამჭერთან პარლამენტში.

“მას არ შეეძლო შეცდომის აღიარება. მისთვის ეს ღირსების დაკარგვას ნიშნავდა,” – მითხრა მაისის აქციების დღეებში დახურულ მოლაპარაკებებების ერთ-ერთმა მონაწილემ ოპოზიციის მხრიდან.

ოპონენტებთან შეხვედრის დროს ანქვაბმა მიანიშნა, რომ მზად იყო დაეკმაყოფილებინა მათი მთავარი მოთხოვნები და დაეთხოვა მთავრობა, ოღონდ მისი პირობებით:

“ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, – მიამბო მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ ანქვაბის მხრიდან, – ისინი (ოპოზიციონერები) დაიძრნენ ადგილიდან და უკვე მზად იყვნენ გასულიყვნენ ხალხთან, რათა ახალი ამბავი ეცნობებინათ. ბოლოს ერთმა მათგანმა იკითხა – აპირებს თუ არა ანქვაბი მათი ხალხი მიიღოს ხელისუფლებაში. “აი, თურმე, რა გინდათ თქვენ… ეს არ მოხდება!””

მოლაპარაკება ჩაიშალა. ხაჯიმბა კაბინეტიდან გამოიქცა, რადგან აღარ სურდა საუბრის გაგრძელება. მას უკან მიჰყვნენ დანარჩენი ოპოზიციონერები. ანქვაბი დერეფანში გამოვიდა და მათ საუბრის დასრულებისკენ მოუწოდებდა. ამ დროს დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე მინა ჩაამსხვრიეს. რამდენიმე წუთში აღგზნებული ახალგზარდები კიბით მეორე სართულზე, ანქვაბის კაბინეტისკენ აცვივდნენ. ის იქ აღარ იყო. მცველებმა ანქვაბის შენობიდან გაყვანა მოასწრეს. როგორც ირწმუნება ადამიანი, რომელიც იმ დროს მის გვერდით იმყოფებოდა, ანქვაბი მისი თხოვნით წაიყვანეს რუსეთის ბაზაზე და არა რეზიდენციაში სოხუმთან ახლოს, სადაც მოგვიანებით მისი მთავრობა შეიკრიბა: “მას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მისი მოკვლა სურდათ,” – ამბობს ადამიანი, რომელიც ანქვაბთან ერთად იმყოფებოდა, როცა მან გადადგომის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.  

რუსეთის მონაწილეობა

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ხაჯიმბას გარემოცვა დარწმუნებული იყო, რომ გამარჯვება ჯიბეში ედოთ. არჩევნების პროცედურაში ისინი სავალდებულო ფორმალობას ხედავდნენ, რომელიც ოფიციალურად გაუფორმებდა მათ კანდიდატს პრეზიდენტის სავარძელს. ზოგიერთი მათგანი რადიკალურ ნაბიჯებზეც იყო თანახმა, თუკი ვინმე მათი გეგმის ჩაშლას შეეცდებოდა.

ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი – ასლან ბჟანია – ახალი იყო პოლიტიკაში. აფხაზური სპეცსამსახურების 51 წლის ხელმძღვანელს ნაკლებად იცნობდა ხალხი. ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს ერთი და იგივე წინასწარ მომზადებული ტექსტით გამოდიოდა. ბჟანია უუნარო აღმოჩნდა ეპასუხა ოპონენტების პრეტენზიებსა და ბრალდებებზე.

ბჟანიამ თავის გუნდში გააერთიანა ხალხი ანქვაბის მთავრობიდან. ამის მიუხედავად, მთელი კამპანიის მანძილზე წარუმატებლად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არ იყო ყოფილი პრეზიდენტისგან ხელდასმული და, შესაბამისად, მის შეცდომებზე პასუხისმგებელი. ორი მთავარი კონკურენტის შტაბებში განიხილავდნენ თემას, რომ სოწრედ მათი მოწინააღმდეგის უკან იდგა მოსკოვი: ხაჯიმბას მიაწერდნენ რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის ვლადისლავ სურკოვის მხარდაჭერას, ბჟანიას კი – ФСБ-ს.

რუსეთის სახელმწიფო მოხელემ, რომელიც აფხაზეთის თემატიკას კურირებს, ჩემთან საუბარში გამორიცხა ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსკოვს რაიმე კავშირი ჰქონდა რომელიმე კანდიდატთან, მაგრამ მან, ასევე, კატეგორიულად უარყო ის, რომ თითქოს აფხაზურ არჩევნებში ორი საწინააღმდეგო ბანაკი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ორივე ბანაკი, თქვა მან, ემხრობა ერთიანი რუსეთის კურსს აფხაზეთთან მიმართებაში: “უკეთესია, კვერცხები ერთ კალათაში არ ინახებოდეს,” – თქვა მან.

 

ხაჯიმბასაც და ბჟანიასაც საერთო დაპირება ჰქონდათ რუსეთთან დაკავშირებით. ორივე კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა რუსულ-აფხაზური საკოორდინაციო სამხედრო ძალის შექმნის აუცილებლობაზე თბილისის ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების საპასუხოდ. ჩვეულებრივ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ეს ხელს შეუწყობს აფხაზი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასებისა და შემწეობების გაზრდას. არსებითად კი ეს იდეა რუსეთთან გაერთიანებული სამხედრო შტაბის შექმნას ნიშნავს.

ბჟანია ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს პირობას დებდა, რომ რუსეთი გახსნიდა სოხუმის აეროდრომსა და პორტებს; ადგილობრივ ბიუჯეტს გადაარჩენდა რუსი ინვესტორების ფული, რომლებიც სხვა საქმიანობასთან ერთად დაიწყებდნენ აფხაზური ნავთობის საბადოების დამუშავებას. ხაჯიმბა კი ამომრჩევლებს პირდებოდა რუსეთთან “გამჭვირვალე” საზღვრის შექმნას, რომ ხალხს აღარ უწევდეს კილომეტრიან რიგში დგომა გამშვებ პუნქტთან ფსოუზე.

რუსეთის ელჩი სოხუმში სემიონ გრიგორიევი სკეპტიკურად გამოეხმაურა აეროპორტის გახსნის და საზღვრის გაუქმების საკითხს. ეს დიდი პროექტებია, თქვა მან, რომლებსაც ჭირდება სერიოზული დამუშავება და არ არის ფაქტი, რომ ამისგან რაიმე გამოვა.

ხაჯიმბა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გაგრის რაიონის სოფელ
ხაჯიმბა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გაგრის რაიონის სოფელ

 

“კისერზე ყულფით”

ხაჯიმბას ისეთი მხარდაჭერა არ აქვს, როგორიც ჰქონდა ანქვაბს, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა. მან ძლივს გადალახა 50%-იანი ბარიერი, რამაც საშუალება მისცა პირველ ტურშივე გამარჯვების. იმ 35%-ის ნაწილი, რომელმაც ბჟანიას დაუჭირა მხარი, ღიად აცხადებს, რომ ამით, ალტერნატივის არარსებობის გამო, ხაჯიმბას წინააღმდეგ მისცეს ხმა.

მთავარი, რასაც ახლა გამარჯვებულისგან ელის ამომრჩეველი – ხელფასების, პენსიების და სხვა საბიუჯეტო ანაზღაურების ზრდაა. ეს იყო მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხაჯიმბას გარემოცვაში კარგად ესმით, რომ ეს რუსეთის დახმარების გარეშე რთული იქნება.

აფხაზური ელიტა იმედოვნებს, რომ ხაჯიმბა პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას განახორციელებს. ადგილობრივი არასამთავრობოები მას სთავაზობენ, შეცვალოს საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა საპარლამენტო მმართველობით. ზოგიერი ლიბერალი კი რაიონული ხელმძღვნელების არჩევითობის და საბიუჯეტო შემოსავლების დეცენტრალიზაციის მოთხოვნით გამოდის.

თავად ხაჯიმბა არ მალავს, რომ ახალი თანამდებობა მისთვის შეიძლება პოლიტიკური კარიერის დასასრული აღმოჩნდეს.

“პრეზიდენტობა არ არის პრივილეგია, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია, – თქვა მან ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გაგრის რაიონის სოფელ ასეჩკოში, – პრეზიდენტობა დღეს ნიშნავს კისერზე ყულფით სიარულს, რომლის ბოლო ხალხის ხელშია. ან უნდა მოკვდე, თუკი რამე არასწორად გააკეთ; ან უნდა გაიქცე, როგორც ეს ერთმა ჩვენმა ამხანაგმა ჰქნა და ან უნდა იყო შენს ხალხთან და გააკეთო მისთვის სასარგებლო საქმე”.

ხაჯიმბას ჭრელი გუნდის წევრი ზოგი რადიკალი უკვე დღესვე აცხადებს, რომ მზად არის გამოაძევოს იგი პრეზიდენტის კაბინეტიდან, როგორც ეს ანქვაბის შემთხვევაში მოხდა, თუკი იგრძნობენ, რომ ის “არასწორად იქცევა”.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი