ახალი ამბები

პრეზიდენტი მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

6 მარტი, 2019 • 673
პრეზიდენტი მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ვიმედოვნებ, რომ ამ საზომით და მხოლოდ ამ საზომით იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსამართლეების განწესებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებზე მუშაობს. მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებები, მით უმეტეს, პერსონებზე გაჟღერება მიუღებელია. თან ეს იქნებოდა ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში. ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებით და კრიტერიუმებით ხასიათდება.

“ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის.

პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ გამართული ყველა მისი შეხვედრის დროს ჩვენი პარტნიორები ხაზს უსვამენ სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და სასამართლო სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას.

“ამიტომ მე ამ პროცესს დიდი ყურადღებით ვაკვირდები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი