ახალი ამბები

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა – პრეზიდენტი

6 მარტი, 2019 • 1148
შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას შეწყალებისა და მოსამართლეთა უვადო დანიშვნების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.

“შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას და რომელიც უმეტესი ქვეყნების პრაქტიკაში მოიპოვება. ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს, ალბათ, იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას.

ზურაბიშვილის თქმით, გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. ის განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.

“საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად. გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების ან მასზე უარის თქმის საფუძველი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი