ახალი ამბები

პრეზიდენტი რუსეთთან მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს

6 მარტი, 2019 • 788
პრეზიდენტი რუსეთთან მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

“ჩვენი სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს. სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისთვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და შედეგად ჩვენს დაშინებას და გეზის შეცვლას ვერ გამოიღებს. ხომ ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, დამოუკდიებლობის განმტკიცების გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, “ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს, “მცოცავ ხაზებს”.

“არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის პირველ ყოველწლიურ მოხსენებას პრეზიდენტის რანგში ესწრებიან მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, აჭარისა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები, პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.

დღესდღეობით საქართველო რუსეთთან მხოლოდ ორ ფორმატში ურთიერთობს: ჟენევის დისკუსიები და კარასინი-აბაშიძის შეხვედრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი