ახალი ამბები

EU არ მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა მხარეს უნდა ირჩევდეს — მოგერინი კარასინის განცხადებაზე

5 მარტი, 2019 • 897
EU არ მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა მხარეს უნდა ირჩევდეს — მოგერინი კარასინის განცხადებაზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ  “ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს”.

ეს განცხადება მოგერინიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა. კითხვაში ნახსენები იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, სადაც მან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას “სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორი” უწოდა.

“ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს. მეგობრობა, პარტნიორობა, ევროკავშირთან სიახლოვე არ გულისხმობს ნაკლებ მეგობრობას რომელიმე სხვა ქვეყანასთან. ევროკავშირთან პარტნიორობა და მეგობრობა არის თავსებადი ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან მეგობრობასა და ურთიერთობასთან. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ მიმზიდველობა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის, ჩვენ ხელის შემშლელი ფაქტორი არ ვართ”, – განაცხადა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს “ყოველთვის წამოვჭრით ხოლმე რუსეთის დონეზე”.

“მშვიდობიანი ინიციატივის დეტალების შესახებ ვისაუბრეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი მცხოვრებლების ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა მოგერინიმ. მანამდე მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას, “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

ეს განცხადება მოგერინიმ 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“უკრაინაშიც ასე იწყებოდა” – კარასინის გაფრთხილება თუ მუქარა საქართველოს?

მასალების გადაბეჭდვის წესი