ახალი ამბები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აქცენტები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ

5 მარტი, 2019 • 876
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აქცენტები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა საქართველოს უვიზო რეჟიმის შესახებ შენგენის ზონის ქვეყნებთან; კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქაღთველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეაქო კონფლიქტური რეგიონებისთვის შეთავაზებული ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

“ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაცია ამ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს. ევროკავშირი სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს ჩვენი პარტნიორების დაწინაურების და გაძლიერების მიმართულებით”, – განაცხადა მოგერინიმ.

მან უვიზო რეჟიმზეც გაამახვილა ყურადღება: “ბევრმა ადამიანმა უკვე ისარგებლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობით ვიზის გარეშე. ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლითაც შეიძლება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. როგორც ვახსენე, ძირითადი მიღწევა ის არის, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა მივეცით საქართველოს მოქალაქეებს”.

ფედერიკა მოგერინის თანახმადვე, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში “ნათელი სიგნალი იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის”. ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ ბრიუსელში შედგა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა ახსენა სასამართლო რეფორმაც: “ძალიან მახარებს თქვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაქვთ ნაკისრი თავისუფალი და ღია არჩევნების მიმართულებით. თქვენ ახორციელებთ სასამართლო სისტემის რეფორმას”, – განაცხადა მან.

“ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან დავიწყეთ დღეს შეხვედრაზე საუბარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ვალდებულება გვაქვს ნაკისრი, რომ მშვიდობიანი და სტაბილური გადაჭრა მოხდეს თქვენს ტერიტორიაზე [არსებული] კონფლიქტების… ჩვენ მხარს ვუჭერ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას, “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. მე ვაფასებ თქვენს ლიდერულ უნარებს ამ მიმართულებით”, – განაცხადა მოგერინიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი