ახალი ამბები

ბრიტანეთში პაციენტი აივ/შიდსისგან “განიკურნა”

5 მარტი, 2019 • 2259
ბრიტანეთში პაციენტი აივ/შიდსისგან “განიკურნა”

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში აივ/შიდსისგან ადამიანი სრულად გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც მან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპარაცია  გაიკეთა.

ეს არის მსოფლიოს მასშტაბით მეორე შემთხვევა, როცა ამ ვირუსისგან ადამიანი, ფაქტობრივად, განიკურნა. ექიმების თქმით, ამ შემთხვევაში ვირუსის ორგანიზმიდან განდევნა სწორედ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპარაციით გახდა შესაძლებელი. როგორც გამოცემა წერს, პაციენტებს ძვლის ტვინი აივ რეზიზტენტული დონორებისგან გადაუნერგეს.

The Guardian-ის ცნობით, პაციენტმა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია სამი წლის წინ გაიკეთა. როგორც ექიმები ამბობენ, 18 თვის წინ ჩატარებული გამოკვლევებით “ლონდონელი პაციენტის” (კაცმა ვინაობის გამხელაზე უარი თქვა და მკვლევრები მას ასე მოიხსენიებენ) შემთხვევაში დადასტურდა, რომ მის ორგანიზმში აივ ინფექციის კვალი არ არის. მისი ექიმის, რავინდრა გუპტას თქმით, ვირუსისგან სრულად განკურნებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა პაციენტი ფუნქციურად განკურნებულია.

NYT წერს, რომ მომავალში აივ/შიდსის მკურნალობა, შესაძლოა, ძვლის ტვინის გადანერგვის გზით წავიდეს, თუმცა ტრანსპლანტაცია საკმაოდ რისკიანი პროცესია, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე გვერდითი მოვლენები ახლავს თან.

ამ დროისათვის აივ/შიდსი მომაკვდინებელი არ არის. დროულად დასმული დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში (რაც გულისხმობს შესაბამისი მედიკამენტის მიღებას ყოველდღიურად), ვირუსი ორგანიზმში მინიმალურ ნიშნულამდე მცირდება ისე, რომ ჯანმრთელობას არ აზიანებს და, შესაბამისად, ძლიერდება იმუნიტეტიც. მკურნალობის ამ მეთოდის საშუალებით, აივ/შიდსით ინფიცირებულების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი ჯანრმთელი ადამიანის ტოლფასია. თუმცა მკურნალობის ამ მეთოდის მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც კი პაციენტი წყვეტს შესაბამისი მედიკამენტის მიღებას, ვირუსი ორგანიზმში ხელახლა იწყებს გამრავლებას და ორგანიზმის დაზიანებას. სწორედ ამიტომ, აივ დადებთმა პირებმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა მიიღონ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. აივ/შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობა საქართველოში უფასოდ არის ხელმისაწვდომი. უფასოა დიაგნოსტირებაც. აივ/შიდსი პრევენციისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სექსი, პრეზერვატივის გამოყენებით. ასევე, პერიოდული ტესტირება ვირუსზე.

“ლონდონელი პაციენტი” აივ ინფექციისგან გათავისუფლებისა და, როგორც ექიმი ამბობს, ინფექციისგან ფუნქციურად განკურნების მეორე შემთხვევაა. 2007 წელს ზუსტად მსგავსი სამედიცინო ჩარევა მოხდა “ბერლინელი პაციენტის” შემთხვევაში. როგორც გამოცემა წერს, ამ დროისთვის ის ინფექციისგან სრულად თავისუფალია. The Guardian-ის ცნობითვე, 1980-იანი წლებიდან შიდსმა მსოფლიოში დაახლოებით 35 მლნ ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ამ დროისთვის 30 მლნ ადამიანზე მეტი აივ ინფექციის მატარებელია.

აივ/შიდსზე უფასო დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი