აქციზის საფასურის მატების გამო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის გაძვირების კვალდაკვალ, გადასახვევი თამბაქოს მოხმარება გაიზარდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის თვალსაზრისით, შემდეგი ნაბიჯი უკვე თუთუნის გაძვირება იქნება.
ზოიძის თქმით, თუ ე.წ. გასახვევი თამბაქო, რომელიც თითქოს საბითუმოა და სინამდვილეში საცალოდ იყიდება, იაფი დარჩა, ადამიანები უბრალოდ ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადავლენ და მოხმარება არ შემცირდება.
“ასეთ გაძვირებას [სიგარეტის] აზრი არ აქვს, თუ უფრო იაფფასიანი პროდუქტით ჩანაცვლება მოხდება. მოხმარება არ შემცირდება, თუ თამბაქოს ყველა პროდუქტი არ გაძვირდა. დადგენილია, რომ თამბაქოზე 30%-იანი ფასის მატება იწვევს, 5-8%-ით მოხმარებას შემცირებას. ეს მოხდება, თუ თანაბრად გაძვირდება თამბაქოს ყველა პროდუქტი და არა მხოლოდ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზოიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ მომავალში თამბაქოს ყველა ნაწარმზე აქციზის გადასახადი გასაზრდელია, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროდირექტივა მოითხოვს.
კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა იფიქროს შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ისევე, როგორც კონტრაბანდული სიგარეტის პრობლემაზე.
“ის ადამიანები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრებენ, გადმოდიან, გადმოაქვთ იქაური სიგარეტი და ხშირ შემთხვევაში, ამაზე არ ხდება რეაგირება გასაგები მიზეზების გამო. მესმის, რომ ზოგიერთი ადამაინისთვის შეიძლება ეს შემოსავლის წყაროა, მაგრამ მეორე მხრივ კონტრაბადის მასშტაბები [აფხაზეთის მიმართლებით] იზრდება და ეს არის აღსაკვეთი. ზოგადად, სხვა მიმართულებით კონტრაბანდის პრობლემა არ უნდა იყოს. სულ 1,5%-იანი კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარება, რაც ძალიან დაბალი პროცენტია ევროპის მასშტაბითაც კი”, – აღნიშნა ზოიძემ.
2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება 1 კგ გასახვევ თამბაქოს, ამ ეტაპზე ის 35 ლარით იბეგრება.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია, რისი მიზანიც თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა.