ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

MFA: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნები”

24 აგვისტო, 2014 • • 1168
MFA: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნები”

უწყების განცხადებით, აფხაზეთში არჩევნების ჩატარება უკანონო აქტია და დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს.

“უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, უპირველესად მათი სამოქალაქო, ეკონომიკური და სოციალური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელი რეჟიმის განცხადებები, რომლებიც ითვალისწინებს მათ კიდევ უფრო შევიწროებას და რიგ შემთხვევებში გამოდევნას”,- ნათქვამია განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უგულებელყოფა გრძელდება და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და იქ არსებული ვითარების ასახვის შესაძლებლობა. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი ურყევი პოზიციის შესაბამისად, დაგმოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული “საპრეზიდენტო არჩევნები”. 

“2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ორგანიზებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უპირველესად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას”.- ნათქვამია განცხადებაში. 

 

აფხაზეთში პრეზიდენტობისთვის  ოთხი კანდიდატი იბრძვის – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა. “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, კანდიდატებმა ეროვნული ერთიანობის მისაღწევად შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათ ასევე გადაწყვიტეს, დიალოგის გაძლიერებისთვის და კრიზისული სიტუაციის მართვისთვის შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. 

 

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

 

 აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1993 წელს გამოაცხადა. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად ითვლება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი