28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი ახალი პროექტით – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნა.
კონსერვატორიის დიდი დარბაზში, რომელმაც პირველად უმასპინძლა თბილისის ჯაზ-ფესტივალს, ძველი და ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები ჯაზური კომპოზიციებით წარდგნენ მსმენელის წინაშე.
თბილისის მერიის ბიგ ბენდი და ჯაზის ქართველი შემსრულებლები სცენაზე კონსერვატორიის ჯაზის განყოფილების სტუდენტებთან ერთად გამოვიდნენ. მუსიკოსებმა სხვადასხვა ცნობილი კომპოზიციები ერთად შეასრულეს.
ისთერნ პრომოუშენის დირექტორის, გიორგი კერესელიძის თქმით, პირველ რიგში, ჯაზ-ფესტივალის გახსნითი კონცერტი ძალიან დიდი გამოცდილება იყო იმ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომლებიც სცენაზე გამოვიდნენ.
“მე მგონი, ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა. ვიმედოვნებთ, მომავალშიც მსგავს ექსპერიმენტებს ძალიან ხშირად გავაკეთებთ და საშუალებას მივცემთ ყველა ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელსაც მომავალში დიდ მუსიკოსად ჩამოყალიბება სურს, ჰქონდეს საშუალება არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად (და არამხოლოდ ორკესტრთან ერთად) სცენაზე გამოვიდეს და თავი წარმოაჩინოს საუკეთესო კუთხით,” – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი კერესელიძემ.
კონსერვატორიის ჯაზის განყოფილების სოლისტი, ლილიკო კორკოტაშვილი ამბობს, რომ ფესტივალის გახსნითი კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, ასევე, თბილისის მერიის ბიგ ბენდისთვის, რადგან ეს კოლაბორაცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თითოეული წევრისთვის.
1 მარტს, 20:00 საათზე, უკვე ივენთ ჰოლში გაგრძელდება თბილისის ჯაზ-ფესტივალი, სადაც ქართველი მსმენელის წინაშე 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად წარდგება. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.
- თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორია სოკარი.
- ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.