ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად მსჯელობენ უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ლექსებზე. თავად თალაკვაძე ამას “საოცარ ჟრიამულად” აფასებს და უკვირს, თუ რატომ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი ლექსების წერამ.
თალაკვაძე ამბობს, რომ მისი წიგნი 8 წლის წინ გამოიცა და დღეს ის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დასძენს, რომ მას არ ეგონა, თუ საქართველოში წერა დასაძრახი საქმიანობა იყო.
“არა მგონია, საზოგადოება ჩემგან პოეზიას ელოდოს, რაც დღეს ვნახეთ, ორი დღის განამვლობაში, ეს არის საოცარი ჟრიამული ჩემი 15 წლის წინ დაწერილ წიგნზე… ბევრი წერდა [ლექსებს] … 8 წელზე მეტია ეს არის განთავსებული ლიტერატურულ პორტალზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ეს წიგნი არის დაცული. ამიტომ ვინც ეძებდა, იმ ხალხს მინდა ვუთხრა – წიგნები იძებნება უპირველესად ბიბლიოთეკაში, სხვაგან ეძებდნენ, როგორც ვნახე.
რაც შეეხება პოეზიას, მართლა არ ვიცოდი, თუ ლექსებისა და მოთხრობების წერა ან წერა-კითხვა ამ ქვეყანაში აკრძალული და სამარცხვინო იყო და ეს ორი დღე, სამწუხაროდ, ეს აჟიოტაჟი ჩვენ ვნახეთ,” – ამბობს არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.