პრესსამსახურის განცხადებით, თბილისის მერიისა და საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების 10-18 წლამდე ასაკის დაახლოებით ორმოცი ბავშვი  დღეს სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებში გაემგზავრნენ.

 

“მოზარდები ერთი კვირის განმავლობაში სამონასტრო ცხოვრებას ეზიარებიან. ბავშვები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გააცილეს,” – აღნიშნულია განცხადებაში. 

 

როგორც მერიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის, ხოლო მერიამ ბავშვების შერჩევაში მიიღო მონაწილეობა:

 

“პროექტს საპატრიარქო ახორციელებს. მათ მოგვმართეს  და ბავშვების შერჩევა გვთხოვეს. ჩვენი მონაწილეობა სულ ეს იყო,” – ამბობს მაგდა პოპიაშვილი.

 

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი განმარტავს, რომ ბავშვები სამონასტრო ცხოვრებას გაეცნობიან, დაისვენებენ და ბერ–მონაზვნებს დაეხმარებიან:

 

“ვაჟებს მამათა და გოგონებს დედათა მონასტერში ვანაწილებთ. ეს ბავშვები ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახებში ცხოვრობენ და ამ ოჯახებს შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ისინი ზაფხულში დასასვენებლად წაიყვანონ. ეს ერთგვარი სოციალური მსახურებაც არის, ბავშვები იქნებიან მონასტერში, გაეცნებიან მონასტერს, ცოტას დაისვენებენ, ცოტას კიდევაც მიეხმარებიან ბერ–მონაზვნებს მეურნეობის წარმოებაში. საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ პატარა შეღავათს მივცემთ ოჯახებს. “

 

კითხვაზე, თუ ვისი ხარჯებით ხორციელდება პროექტი, ბოტკოველი პასუხობს:

 

“მგზავრობის ხარჯს ალბათ მერია გადაიხდის, სხვა ხარჯები არაფერია საჭირო, ერთ ლუკმას ვინ დააყვედრის ბავშვებს?”

 

 

პირის რელიგიური აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული პერსონალური მონაცემია, რომელიც კანონითაა დაცული. კითხვაზე, საიდან იცოდნენ რა აღმსარებლობის ოჯახებს მიმართეს პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოპიაშვილი პასუხობს:

 

“მშობლებს როცა ვესაუბრეთ, ეს არ დაუმალავთ. ჩვენ სხვა რელიგიურ კონფესიებსაც ვეხმარებით, ეს განსაკუთრებული და გამორჩეული შემთხვევა არ არის, უბრალოდ საპატრიარქომ გვთხოვა გაშუქებაში დაგვეხმარეთო.”

 

 

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშილი მიიჩნევს, რომ თუ ბავშვთა ინტერესების გათვალისწინება მოხდება, ასეთი პროექტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

 

“საჭიროების და ინტერესების გათვალისწინებას ექნება ადგილი, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. თუ კარგ პირობებში იცხოვრებენ, კარგი კვება ექნებათ და მათ არ დააძალებენ რაღაცებს, კარგი იქნება. ბავშვს შეიძლება კონკრეტულ მომენტში ლოცვა არ უნდოდეს და მასზე ზეწოლა – გინდა თუ არა ახლა ილოცეო, არ შეიძლება.”

 

კითხვაზე, არსებობს, თუ არა საფრთხე, რომ ბავშვები რელიგიური პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცნენ, ჯავახიშვილი პასუხობს:

 

“მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ განზოგადების. კი, არიან სასულიერო პირები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან სარწმუნოების ნორმებთან თავისი განცხადებებით და ცხოვრების მსუყე წესით, მაგრამ წესიერი სასულიერო პირებიც არსებობენ. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ბავშვი სხვადასხვა რეალობებს გაეცნობას, მაგრამ ამ ადგილებში მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, მათ შორის რწმენის თავისუფლების უფლების. თორემ, არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვი ასეთ ადგილებში ატარებდეს დროს? ჩემთვის ეს ერთმნიშნელოვნად არც სასარგებლოა და არც საზიანო. ეს არის არდადეგების დაგეგმვის საშუალება. გააჩნია რა კონცეფციით უყურებენ ისინი, ვინც ეპატიჟება ბავშვებს.”

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *