უკრაინა მუსიკალურ კონკურსში – “ევროვიზია 2019”, რომელიც წელს ისრაელში უნდა გაიმართოს, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ BBC უკრაინულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ყველა მომღერალი, რომელიც ქვეყნის შიდა შესარჩევ ტურში მონაწილეობდა, უარს აცხადებს, “ევროვიზიაზე” გაემგზავროს.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მათ შესარჩევი ტურის გარეთაც შეეძლოთ მომღერლების შერჩევა, თუმცა ამგვარ ალტერნატივას ემიჯნება, ვინაიდან პატივს სცემს იმ მაყურებელს, რომელმაც შესარჩევ ტურში ამა თუ იმ მომღერალს დაუჭირა მხარი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა Maruv-მა, რომელიც უკრაინის შესარჩევი ტური მოიგო, “ევროვიზიაზე” წასვლაზე უარს აცხადებს. გავრცელებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის კონტრაქტით გათვალისწინებული “კაბალური პირობების” გამო მიიღო.
ერთ-ერთი საკონტრაქტო პირობის თანახმად, რომლის შესახებაც მომღერალი საუბრობს, რუსეთში გასტროლებზე უარის თქმაა. კონტრაქტის მიხედვით, მომღერალს რუსეთში ტურების გამართვა კონტრაქტზე ხელის მოწერიდან აღარ შეეძლება. აკრძალვა “ევროვიზიის” დასრულებიდან 3 თვეში მთავრდება.
თავად Maruv მიიჩნევს, რომ რუსეთში კონცერტების გამართვაში ცუდი არაფერია, მისი თქმით, თავისი მუსიკით “მშვიდობის მოტანა და ერების გაერთიანება” უნდა. ამ პოზიციის გამო მომღერალი კრიტიკის სამიზნეც გახდა.