ახალი ამბები

დავით ბაქრაძის სიმამრი დაკითხვაზე დაიბარეს

21 აგვისტო, 2014 • • 1225
დავით ბაქრაძის სიმამრი დაკითხვაზე დაიბარეს

ლერი მეტრეველი  მოწმის სახით დაკითხვაზე დავით ბაქრაძის  საბანკო ანგარიშების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საქმეზე დაიბარეს, რის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული. ხოლო თვითონ ბაქრაძე საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუბარებიათ.

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

 

“დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეისწავლის როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე მათში დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის კანონიერებას, რომლის თანახმადაც  2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ  “HCBS” ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები (40228434012380; 40228434012380),  რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზე”,- ნათქვამია განცხადებაში. 

 

თავად დეპუტატი კი აცხადებს, რომ მის არც ერთ შემოსავალსა თუ ანგარიშს არ აქვს კავშირი კანონის დარღვევით ან თანამდებობის გამოყენებით მიღებულ რაიმე სარგებელთან. რაც შეეხება თანხების წარმომავლობას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის  განმარტებით,  2002 წლის 12 ნოემბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ შეიძინა კრწანისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი საელჩოს ახალი შენობისთვის, რომლის  მესაკუთრე დავით ბაქრაძის სიმამრი ლერი მეტრეველი იყო:

 

“შეძენა გაფორმდა ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით (ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის აქტი თან ერთვის), გადახდილი იქნა ყველა შესაბამისი გადასახადი. სახლის გაყიდვის შემდეგ ლერი მეტრეველმა გამოთქვა სურვილი, სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანებას მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან. 2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანებას მიღწევამდე”,- განაცხადა ბაქრაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი