ახალი ამბები

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა უდანაშაულოდ ცნო

28 თებერვალი, 2019 •
დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა უდანაშაულოდ ცნო

დემურ სტურუას საქმეში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ნეტგაზეთს პოლიციელის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უზენაესმა ძალაში დატოვა სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც,  თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 2016 წლის 29 აგვისტოს წაუყენა.

სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიციელი პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი