ახალი ამბები

“კაზანტიპის” პრესსამსახური: ამორალური საქციელისთვის ფესტივალი 2 პირს დაატოვებინეს

21 აგვისტო, 2014 • • 1144
“კაზანტიპის” პრესსამსახური: ამორალური საქციელისთვის ფესტივალი 2 პირს დაატოვებინეს

“ნეტგაზეთს” თვითმხილველმა დათო გუგავამ განუცხადა, რომ ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე ღია საშხაპეში შიშველი იღებდა შხაპს, რის გამოც პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა. “კაზანტიპის” ფესტივალის პრესსამსახურში კი არ აკონკრეტებენ, რა საქციელი მიიჩნია ადმინისტრაციამ ამორალურად. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  ფესტივალ “კაზანტიპის” ხელმძღვანელობა  საქართველოს ტრადიციების შეურაცხმყოფელი და ამორალური საქციელის წინააღმდეგია:

 

“სწორედ ამიტომ, რესპუბლიკა Z-ის მთავრობა მოუწოდებს თითოეულ მის ბინადარს თუ სტუმარს, გაითვალისწინონ, რომ რესპულიკა კაზანტიპში ზუსტად ისევე იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და კანონს, როგორც სხვაგან. ხოლო ის არაერთი განცხადება, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის შესახებ რეალურია! იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, რადგან კაზანტიპის მთავრობა წინააღმდეგიაა საქართველოს ტრადიციების შეურაცხმყოფელი და ამორალური საქციელის”,- ნათქვამია განცხადებაში. 

 

ფესტივალი “კაზანტიპი” გუშინ, 20 აგვისტოს 21:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნა. ის ანაკლიაში ტარდება და 30 აგვისტოს დასრულდება. ფესტივალის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას არაერთი პროტესტი  და მხარდამჭერი აქცია მოჰყვა. 

 

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ  ფესტივალის ტერიტორია ორ პირს ზღვაში მოშარდვის და სიშიშვლის გამო დაატოვებინეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არც ფესტივალის პრესსამსახურმა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად არ დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი