ის დეპუტატები, რომლებმაც გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, მიანიშნებენ, რომ მმართველი გუნდი, შესაძლოა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვოს.
“მგონი, ზვიად კვაჭანტირაძეც აპირებს უმრავლესობის დატოვებას”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
“ზვიადი ჩემი მეგობარი და ძალიან გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსია. [ქართული ოცნების] პირველი ნაკადი რომ იყო, ზვიადი იმ დღიდან არის ჩვენთან ერთად. გუშინ ვესაუბრე, მას ეს განწყობა აქვს, მაგრამ თვითონ გამოაცხადოს თავის გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ რ2-თან საუბარში და დასძინა, რომ უმრავლესობის დატოვებაზე სხვებიც ფიქრობენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის დატოვებას ზვიად კვაჭანტირაძე აპირებს, გუშინ ტვ პირველის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც გაავრცელა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
ზვიად კვაჭანტირაძე ამ დროისთვის ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში. მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, ნეტგაზეთი მასთან დაკავშირებას ცდილობს.
კვაჭანტირაძე ეკა ბესელიას და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებული იმ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაინიციატორი იყო, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებდა და ჩავარდა.
გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრებიც ფიქრობენ.