წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში საოცნებო სპეციალობას ეუფლებით; თავს არ ზოგავთ, რომ თქვენს სფეროში სიახლეებს აუწყოთ ფეხი. თუმცა გადის დრო, სწავლას ამთავრებთ და ვერ ახერხებთ, თქვენი პროფესიული უნარები პრაქტიკაში გამოიყენოთ. არადა, ამ დროს, ათეულობით ბიზნესს სწორედ ეს უნიკალური უნარები სჭირდება!
ახალი ამბიციური პროექტი — ბიზნეს ამქარი — რომელზეც ამ ბლოგში მოგითხრობთ, ამ სცენარის რადიკალურ ცვლილებას გვპირდება.
ბიზნეს ამქარი GIPA-ს და სტარტაპერის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, საგანმანათლებლოს სფერო, ანუ აკადემია, და ბიზნეს სექტორი ერთმანეთს დაუახლოვოს. ამ პარტნიორობით ორივე მხარე მოგებული რჩება. ეს ინიციატივა, მასშტაბიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის პირველი სიღრმისეული პრეცედენტია საქართველოში.
“ამქრის” კონცეფცია ეფუძნება ე.წ A2B (Academy to Business) მოდელს და, როგორც GIPA-ს მმართველობის სკოლის პროფესორი ნიკა აბუაშვილი განმარტავს, მისი “მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ აკადემიამ ბიზნესს ხელშესახები სარგებელი მოუტანოს” და პირიქით.
[blue_box]როგორ იმუშავებს პროექტი?[/blue_box]
პროექტის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტები სხვადასხვა სამსახურს გაუწევენ თიბისი ბანკის პროექტ სტარტაპერის მონაწილე კომპანიებს. სტუდენტები სხვადასხვა ჯგუფში იქნებიან გაერთიანებულები. მათ ზედამხედველობას კონკრეტული სფეროს სპეციალისტი ლექტორები გაუწევენ. მათ მენტორებს უწოდებენ.
გაინტერესებთ, რა მომსახურების გაწევა შეუძლიათ სტუდენტებს ბიზნესებისთვის? როგორც აღმოჩნდა, ასეთი ძალიან ბევრი სერვისია და მათი რაოდენობა 80-ს აღწევს! თანაც, სულ სხვადასხვა სფეროდან, იქნება ეს კომპანიების ორგანიზაციული და მართველობითი სისტემების გამართვა, მარკეტინგი, ფინანსები, საოპერაციო საქმიანობა, თუ კრეატიული და სამართლებრივი საჭიროებები.
ასე მაგალითად: თუკი სტარტაპერში ხართ გაწევრიანებული და სხვადასხვა სერვისი გჭირდებათ, — ფინანსური მოდელის შექმნა, ბიუჯეტის შედგენა, ბაზრის პოტენციალის ან ზომის შეფასება, ბრენდინგის სტრატეგიის განსაზღვრა, ექსპორტ-იმპორტის დაგეგმვა, ლოგო-ბრენდინგ-ვებგვერდის დიზაინის შექმნა და ათობით სხვა, — სტუდენტები სრულიად უსასყიდლოდ, ან მინიმალური დანახარჯებით, თქვენს ამ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებენ. ხელმისაწვდომი სერვისების სრულ ჩამონათვალს, შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ.
სტუდენტები, მენტორებთან ერთად, სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ ბიზნესთან ერთად და მის ბიზნეს-მოდელს დახვეწავენ. სემესტრი მარტის ბოლოდან მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
[blue_box]ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?[/blue_box]
როგორც სტარტაპერის მენეჯერი მარიამ კიკალეიშვილი აცხადებს, პირველ ეტაპზე ბიზნეს ამქარში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია სტარტაპერში ჩართულ ყველა ბიზნესს შეუძლია.
რეგისტრაცია 12 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება ყველა მსურველ სტარტაპერთან, ანუ დამწყებ ბიზნესთან; საბოლოოდ, 20-მდე პროექტი შეირჩევა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებს მიიღებენ GIPA-სგან.
კიკალეიშვილის თანახმადვე, შემდეგში, სავარაუდოდ, მომხმარებელთა არეალი გაიზრდება. პროექტის ხედვაც ესაა: A2B მიდგომა კიდევ უფრო მეტად გაფართოევდეს და პროექტში სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციები და უმაღლესი სასწავლებლები ჩაერთონ.
[blue_box]რატომ არის მნიშვნელოვანი?[/blue_box]
პროექტის ორმხრივ ღირებულებაზე საუბრობენ მარიამ კიკალეიშვილი და ნიკა აბუაშვილი. აბუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც აკადემიურ სექტორში არსებობს, თუმცა “საბოლოო ჯამში გამოუყენებელია”, ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგეს. “უფრო მეტიც, — არამარტო ცოდნა და კომპეტენცია, არამედ სწავლების პროცესიც იყოს ბიზნესისთვის დღესვე გამოსადეგი”, – ამბობს იგი.
კიკალეიშვილის თანახმად, სტრატაპებისთვის, რომლებსაც შეიძლება ფინანსურად არა აქვთ ფასიანი სერვისების მიღების შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია, სტუდენტებისგან მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება. ამის გარანტორი კი GIPA-ს უნივერსიტეტია თავისი მენეჯმენტით და ლექტორებით.
“რაც შეეხება სტუდენტებს, მათი ბენეფიტი ის იქნება, რომ შეძლებენ, უნივერსიტეტის დამთავრებამდე იმუშაონ რეალური ბიზნესების ქეისებზე; ისინი მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილეს რეალურ ბიზნესებთან მუშაობის, რაც მათ განათლებას ხელს შეუწყობს”, – ამბობს კიკალეიშვილი.
———–
პროექტის პრეზენტაცია 22 თებერვალს გაიმართა GIPA-ს “ფრონტალინ კლუბში”. ღონისზიებაზე GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.