ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ

26 თებერვალი, 2019 • 1563
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” TBC ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ბანკის პრესსამსახურში აცხადებენ, TBC-ს დამფუძნებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან მიწვევა ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში მზად არიან, სხდომას დაესწრნონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუკის საშუალებით განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემაც, სადაც წერს:

“როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან. რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის.”

დღეს, 26 თებერვალს, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეწყდა. შესაბამისად, TBC Bank Group-ის აქციონერებს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მიეცათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი