ახალი ამბები

სახელმწიფო უწყებები წლებია არალიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებენ

19 აგვისტო, 2014 • • 968
სახელმწიფო უწყებები წლებია არალიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებენ

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში Microsoft-ის ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის დაწყების მიზნით შექმნილი მაკოორდინირებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

კომისიამ 2014 წლის ბოლომდე უნდა შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების მფლობელთა წინადადებები, უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მომზადება და აუცილებლობის შემთხვევაში შეიმუშავოს შესაბამისი წინადადებები საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით.შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებები Microsoft-ის ლიცენზირებულ საავტორო პროგრამებს კონსოლიდირებულად შეიძენენ. 

“წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები არალიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებენ, კომპანია Microsoft-თან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად კი სამთავრობო სტრუქტურები შესაბამისი საავტორო პროგრამების კონსოლიდირებულად შეძენას შეძლებენ.  მიგვაჩნია, რომ Microsoft-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე, ლიცენზირებული საავტორო კომპიუტერული პროგრამების დანერგვის პროცესს”, – ამბობს Microsoft-ის საავტორო პროგრამების შეძენის მაკოორდინირებელ კომისიის ხელმძღვანელი  ილია ბეგიაშვილი.

კომისიაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმუშავებენ. 
თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისია მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი