ახალი ამბები

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება – ხატია მოისწრაფიშვილი

26 თებერვალი, 2019 • 1580
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება – ხატია მოისწრაფიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს შეწყალების კომისია ჯერ არ დაუკომპლექტებია. როგორც მოისწრაფიშვილმა დღეს განმარტა, პრეზიდენტი თვლის, რომ შეწყალების ახალი წესი უნდა შემუშავდეს.

„სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და ასევე შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხს. მიგვაჩნია, რომ შეწყალებისას უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, ანუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისათვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი”, – თქვა მოისწრაფიშვილმა დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისიას “ეკიდება სიფრთხილით, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება და ასევე სამართლებრივ დონეზე უფრო მკაცრ რეგულაციებში მოქცევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი