ახალი ამბები

შეწყალების შუამდგომლობას აღვძრავთ, თუ მამალაძე დანაშაულს აღიარებს – საპატრიარქო

26 თებერვალი, 2019 • 1102
შეწყალების შუამდგომლობას აღვძრავთ, თუ მამალაძე დანაშაულს აღიარებს – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობას მხოლოდ მისი წილი დანაშაულის აღიარებისა და შენდობის თხოვნის შემთხვევაში გაუწევს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და ახლა უკვე გაშლილი კარავიც სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ. ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითრებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად; ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას ძირითადად ის ადამიანები იღებენ, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან დაკავშირებით არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

“რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი