ახალი ამბები

ნინო კობახიძე სააკაშვილის გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებს

19 აგვისტო, 2014 • • 1123
ნინო კობახიძე სააკაშვილის გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებს

“ძალიან არასერიოზულია მათი მხრიდან, როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და შემდეგ ისევ აბრუნებ, ძალიან არასერიოზულია, ჩვენ ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ,”–  ამბობს ნინო კობახიძე. 

 

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო გააგზავნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არის შეძენილი, თუმცა ტანსაცმელი ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს.

 

მიხეილ სააკაშვილის მიერ მთავრობის კანცელარიაში გაგზავნილი 7 პიჯაკი და ერთი პალტო საბოლოოდ საპატრულო პოლიციის განკარგვაში გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ნივთები ამჟამად დალუქულია და რა ბედი ეწევა მათ, მოგვიანებით გაირკვევა. 

 

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაგზავნით ტანსაცმელს მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოსაყენებლად,”– ამბობს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლანა ღვინჯილია.

 

მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა:

 

“გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის.”

 

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994,84 ლარი. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი, პროკურატურის ინფორმაციით, კოსტუმებზე და პალტოზე დახარჯული თანხებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი