ახალი ამბები

კანონმდებლობა ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევებს ვერ პასუხობს – ომბუდსმენის ანგარიში

26 თებერვალი, 2019 •
კანონმდებლობა ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევებს ვერ პასუხობს – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სპეციალურ ანგარიშს ქვეყნებს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად ბოლო პერიოდში განხორციელებული მრავალი სახის პოზიტიური ცვლილებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით საქართველოში არსებული კანონმდებლობა სათანადოდ ვერ პასუხობს ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ შედეგად, ქვეყანაში ვერ ხერხდება დაბინძურების მიზეზებისა და მისი შედეგების სიღრმისეული ანალიზი და, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს მოქმედი გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულების მიმართულებითაც.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოში ამ დრომდე არ ხდება შეფასება, თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ დღემდე ვერ ხდება ჰაერის დაბინძურების სრულყოფილი და სრულფასოვანი კონტროლი.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღეისთვის ქვეყანაში ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება 6 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი და ჭიათურა) 10 სადამკვირვებლო სადგურის საშუალებით ხდება. 25 ქალაქში კი ხორციელდება ინდიკატორული გაზომვები.

ომბუდსმენის განცხადებით, არსებული სისტემა ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების სრულფასოვან სურათს არ იძლევა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო მოძველებული ავტოპარკი, სამშენებლო და სამრეწველო სამუშაოებია.

ავტოტრანსპორტის კუთხით საქართველოში პრობლემის აქტუალობას ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა განაპირობებს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, 2018 წლის (შსს) ავტოპარკის 45% 20 წელზე ძველი იყო.

სახალხო დამცველის აპარატი ტექინსპექტირების რეფორმის დანერგვას პოზიტიურად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ტექდათვალიერება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ შემოწმებისას დადგინდეს ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები გამოფრქვევის დროს, რაც მის ტექნიკურ სისუსტედაა შეფასებული.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ადმინიტრაციულ კოდექსში რესებობს ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ჰაერის დაბინძურებაზე, პატრულის ინსპექტორებს არ გააჩნიათ შესაბამისი ინსტრუმენტი, რომ დაადგინონ, კონკრეტული ავტომანქანიდან ხდება თუ არა იმაზე მეტი რაოდენობით მავნე ნივთიერებების გმაოფრქვევა, ვიდრე ეს კანონმდებლობითაა დადგენილი.

ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება საწვავის ხარისხიც. კერძოდ, ქვეყანაში, ომბუდსმენის განცხადებით, განსაკუთრებულ პრობლემას დიზელის საწვავის ხარისხი და მის მიმართ არსებული მოთხოვნები წარმოადგენს:

“ამ თვალსაზრისით, შემადგენლობის სხვა ნორმებთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა, რაც არსებითად შეუსაბამოა ევროსტანდართთან.

კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წლის პირველი იანვრიდან დიზელში გოგირდის შემცველობის ზღვრულ მნიშვნელად დადგინდა არაუმეტეს 100 მგ/კგ, 2019 წლის პირველი იანვრიდან კი აღნიშნული მაჩვენებელი 50 მგ/კგ-ს გაუტოლდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა 10 მკ/კგ-ია” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა საქართველოში ევროკავშირის სტანდარტს 2020 წლის პირველი იანვრიდან დააკმაყოფილებს.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ „ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებად განისაზღვრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია, ავტობუსების პარკის განახლება და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლა

შედეგად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ დიზელის საწვავზე მომუშავე ევრო 6-ის სტანდარტის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა (რომლის გამონაბოლქვი აირი ძალიან მწირია). ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად მსგავსი ავტობუსების ტექნიკური გამართულობისა, რასაც განაპირობებს ტრანსპორტის მახასიათებლების შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან, მაინც არსებობს მათი მხრიდან ჰაერის დაბინძურების საფრთხე, რამდენადაც საქართველოში უშუალოდ დიზელის საწვავის ხარისხის მიმართ არსებული მოთხოვნები საკმაოდ დაბალია და შესაბამისი დირექტივით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება

რაც შეეხება სამშენებლო საქმიანობას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშენებლობა მავნე ნაწილაკების გაფრქვევის მნიშვნელოვანი წყაროა და იმდენად, რამდენადაც მსგავსი ტიპის საქმიანობის უმეტესი ნაწილი ურბანულ და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ხორციელდბა, მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამშენებლო სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა სამშენებლო მოედანზე ისეთი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს, რომლებიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ჰაერის დამტვერიანებით მიმდებარე გარემოს, ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბინძურების თავიდან აცილებას.

თუმცა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, შესაბამის სამშენებლო რეგლამენტებში მოიძებნება მხოლოდ ერთი მითითება მსგავს ღონისძიებებზე, რომელიც მოითხოვს, რომ მტვრისებრი მასალები ინახებოდეს დახურულ საცავებში ან სათავსებში და დატვირთვა-დაცლის სამუშაოთა წარმოების დროს მიიღებოდეს ზომები მათი გაფანტვისა და გამტვერვის თავიდან ასაცილებლად:

“სხვა მხრივ, მშენებლობის პროცესში ჰაერის დამტვერიანების საკითხი, დღეის მდგომარეობით, რეგულირებულ სფეროს არ წარმოადგენს, რასაც ადასტურებს თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციაც.

კერძოდ, დგინდება, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ხსენებულ ქალაქებში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურებს არ გამოუვლენიათ სამშენებლო მოედანზე ჰაერის დამტვერიანებით მიმდებარე გარემოს დაბინძურების ან აღნიშნულის თავიდან აცილების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ჩაუტარებლობის არცერთი შემთხვევა”, – წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის აუცილებელია, დროული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე.

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს:

საქართველოს პარლამენტს და სთხოვს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის სანქციების გამკაცრებას. ასევე, უზრუნველყოს დამატებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე სამშენებლო საქმიანობის თანმხლები უარყოფითი ზემოქმედების ეფექტიანი პრევენციის მიზნით.

მათ შორის, დაწესდეს სანქციები ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეუფუთავად განთავსებისთვის, სამშენებლო მოედანზე ამტვერებადი მასალის განთავსებისა და ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისთვის.

საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის დირექტივებთან სრულად მისასადაგებლად ცვლილებები შევიდეს “საავტომობილო ბენზინის ხარისხის ნორმების შესახებ” 2014 წელს მიღებულ დადგენილებაში და “დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებიდა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” 2005 წლის დადგენილებაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ომბუდსმენი მიმართავს, რომ დროულად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მათ შორის, გაიზარდოს მონიტორინგის სადგურების რაოდენობა და ისინი განთავსდეს ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, განისაზღვროს ტექნიკური რეგლამენტით – „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით“ გათვალისწინებული ყველა მავნე ნივთიერების კონცენტრაცია და დაინერგოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა.

ასევე, გაუმჯობესდეს დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების მონიტორინგის სისტემა. მათ შორის, კიდევ უფრო გაიზარდოს იმ ავტოგასამართ სადგურთა რაოდენობა, რომლებიდანაც წლის განმავლობაში განხორციელდება როგორც საავტომობილო ბენზინის, ასევე დიზელის სინჯების აღება, სრულყოფილად შეფასდეს საწვავში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილი.

თბილისის მერიას კი სახალხო დამცველი მოუწოდებს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად მაქსიმალურად დროულად განხორციელდეს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის სრულად განახლება და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლა; ამასთან, მაქსიმალურად იქნას თავიდან არიდებული არსებული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლება;

მასალების გადაბეჭდვის წესი