საჯარო რეესტრმა ეროვნული ბანკის (სებ) განცხადების საფუძველზე თიბისის ოფიციალურ დოკუმენტებში დააფიქსირა, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.
შესაბამისი ჩანაწერი საჯაროო რეესტრში დღეს განხორციელდა.
გადაწყვეტილება ხაზარაძე/ჯაფარიძისათვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე სებ-მა 13 თებერვალს მიიღო და ინფორმაცია საჯაროდ 14 თებერვალს გაავრცელა. იმავე გადაწყვეტილებით, სები ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომას ითხოვდა, რასაც ეს უკანასკნელები თავდაპირველად არ დაეთანხმნენ, ბანკმა განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი სებ-ის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებდა დავას, თუმცა მოგვიანებით ბანკმა დავა შეწყვიტა, ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ის ბანკს დატოვებდა. იგივე პოზიცია დააფიქსირა ბადრი ჯაფარიძემაც, თუმცა ამ უკანასკნელს სამართლებრივი დავა სებ-თან არ შეუწყვეტია.
საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბანკი ამ დრომდე არ დაუტოვებიათ. ხვალ თიბისის საკითხზე პარლამენტში მსჯელობა უნდა გაიმართოს, სადაც მისვლას ბანკის დამფუძნებლებიც აპირებენ, ეროვნული ბანკი კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი, სავარაუდოდ, არ იქნება.
ამავე თემაზე