ახალი ამბები

უმრავლესობის დატოვებას “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრებიც აპირებენ

25 თებერვალი, 2019 • 1430
უმრავლესობის დატოვებას “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრებიც აპირებენ

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრებიც აპირებენ.

“დიდი ხანია ვფიქრობთ, გავაგრძელოთ თუ არა უმრავლესობაში საქმიანობა. გვქონდა კონსულტაციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან. უმრავლესობას მივმართეთ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით. დღესაც ვაპირებ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით წარდგომას”,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, სოციალ-დამოკრატებს სურდათ შეეცვალათ ნაციონალური  მოძრაობის მმართველობიდან ინერციით გამოყოლილი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა- არასაკმარისი.

“ეს ყველაფერი გროვდება. უახლოესი 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში. დაველოდებით მსჯელობას ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებთან მიმართებაში საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით. თუმცა პოლიტიკა ასე სწრაფად ვერ შეიცვლება. ამიტომ დღე და საათი არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ სავარაუდოა, რომ ჩვენ შევეცდებით დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ და ფართო საზოგადოებაზე გავიდეთ”,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება იმას, ინდივიდიუალირად დატოვებს უმრავლესობას, როგორც ეს ბექა ნაცვლიშვილის შემთხვევაში მოხდა, თუ ფრაქციის სრული, 6-კაციანი შემადგენლობით გავა “ოცნებიდან”, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ “ზოგმა შეიძლება უფრო ადრე” მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ზოგმა – გვიან, მაგრამ პროცესი დაიწყო.

“მე მაინც მგონია, რომ დანარჩენ გადაწყვეტილებებს ჩვენ [ფრაქცია], ალბათ, ერთობლივად მივიღებთ, ოღონდ ცოტა დაგვაცადეთ”,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანის პოზიციას ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით იზიარებს დეპუტატი მირიან წიკლაურიც, რომელოც ასევე ფრაქცია ” სოციალ -დეკოკრატების” წევრია, თუმცა ამბობს, რომ არჩევანში თავისუფალია და თავად გადაწყვეტს, ფრაქციასთან ერთად გავა უმრავლესობიდან, თუ დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.

მას შემდეგ, რაც,გასულ კვირაში ფრაქცია ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა, სოციალ-დემოკრატების ფრაქცია 6 წევრს აერთიანებს:

  • გია ჟორჟოლიანი
  • რუსლან პოღოსიანი
  • სულხან მახათაძე
  • რომან მუჩიაშვილი
  • კობა ნარჩემაშვილი
  • მირიან წიკლაური

ეკა ბესელიასთან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობისა და შესაძლო ერთიანი პლატფორმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად კი ჟორჟოლიანმა განაცხადა:

“ჩვენ ვართ პარტია, გვაქვს პროგრამა, გვაქვს პლატფორმა და ქალბატონ ეკა ბესელიას ჯერ არასდროს გამოუთქვამა სურვილი, რომ ჩვენს პარტიას შეერთებოდა”.

გია ჟორჟოლიანის თქმით, მას არავითარი იდეური და ღირებულებითი განსხვავებები არა აქვს ბექა ნაცვლიშვილთან, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, “სოციალ-დემოკრატებიც” დატოვა.

თუმცა ჟორჟოლიანის თქმით, ნაცვლიშვილი მხოლოდ საპენსიო რეფორმას უკავშირებდა საკუთარ გადაწყვეტილებას უმრავლესობიდან წასვლის შესახებ, მაშინ როდესაც ფრაქციის სხვა წევრები ამას უფრო გრძელვადიან პროცესში ხედავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი