ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამყოფ ხაზთან დატირების ფაქტს აფხაზური მხარე პროვოკაციას უწოდებს

24 თებერვალი, 2019 • 1159
გამყოფ ხაზთან დატირების ფაქტს აფხაზური მხარე პროვოკაციას უწოდებს

აფხაზეთთან გამყოფ ხაზთან მიცვალებულის დატირების ფაქტი, რომელიც ქართული მხარის შეფასებით” სულისშემძვრელი და არაადამიანური” იყო, აფხაზური მხარე, კერძოდ ადგილობრივი პოლიტიკოსები პროვოკაციას უწოდებენ.

თემურ ნადარაია, გალის დე ფაქტო ხელმძღვანელმა აფხაზურ მედიასთან საუბარში საქართველოს მოქალაქეების სამგლოვიარო პროცესიას ენგურს გადმოღმა, პროვოკაცია უწოდა.

“ვფიქრობ, ეს დაგეგმილი პროვოკაციაა. თუკი ვსაუბრობთ თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესაბამისად, მაშინ აფხაზეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს ასეთი უფლება არ გააჩნია დღეს”.

მისივე თქმით, აფხაზეთში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეთა შესვლის პროცედურებია განსაზღვრული, მათ შორის იმ ქვეყნების, რომელთაც აფხაზეთი აღიარებული არ აქვთ და ვიზები სჭირდებათ, რისთვისაც კონსულს უნდა მიმართონ.

“ასევე ვიზის გაფორმება ინტერნეტის მეშვეობითაც შეიძლება, სადაც ათი დღის განმავლობაში მიიღებენ პასუხს, შეძლებენ თუ არა აფხაზეთში შესვლას”, – ამბობს ნადარაია.

მისივე განცხადებით, სწორედ ასეთი ვიზები უნდა გაეფორმებინათ გარდაცვლილის ნათესავებს იმისთვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ.

“ის კი, რაც 2016 წლამდე ხდებოდა და თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, ასეთი რამ აღარ განმეორდება. გავრცელებული ვიდეო მასალა აფხაზეთის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. ეს გაკეთდა იმიტომ რომ აჩვენონ მსოფლიოს, რომ არ არსებობს გამშვები პუნქტები და საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა”.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაურ კოვეც ფიქრობს რომ აღნიშნული ფაქტი “პროვოკაციული პოლიტიკური აქციაა”.

“შეიძლება გარკვეულმა ემოციურმა გრძნობებმა აიძულეს ხალხი იქ მისულიყო საჩვენებელი სცენების მოსაწყობად, მაგრამ იმ კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ვისაც ჰუმანიტარული მიზნით საზღვრის გადაკვეთის საჭიროება აქვთ, ჩვენ ყოველთვის შემხვედრ ნაბიჯზე მივდივართ”.

კომენტარი აფხაზურ მედიასთან ასევე დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამაც გააკეთა და თქვა რომ შექმნილი სიტუაცია დიდ ყურადღებას არ იმსახურებს.

“ადამიანებმა გარკვეული ტერიტორიებიდან პატივი უნდა სცენ წესებს”.

“სულიშემძვრელი და არაადამიანური” უწოდა ქართულმა მხარემ, კერძოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რადიო „ათინათის“ მიერ გავრცელებული კადრებს, რომელზეც ასახულია როგორ დაიტირეს ოტობაია-ორსანტიას ხიდზე შეკრებილმა ადამიანებმა გარდაცვლილი ნათესავი ენგურის გადაღმა.

“მე არ მგონია, ვინმემ ეს კადრები ნახოს, საითაც არ უნდა იდგეს პოლიტიკურად, და გულგრილი დარჩეს, რადგან ეს არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითია”, – განაცხადა ქართველმა მინისტრმა.

20 თებერვალს “რადიო ათიანათიმ” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ელოდება ათობით ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას აფხაზეთთან მდებარე გამყოფ ხაზთან, ზუგდიდის მხრიდან; მიცვალებულს აფხაზეთიდან მოასვენებენ, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.

აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. იქ გადასვლა ადამიანებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან თანხის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი