ახალი ამბები

აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს — “ათინათი”

20 თებერვალი, 2019 • 4097
აფხაზეთში მიცვალებული სამეგრელოდან დაიტირეს — “ათინათი”

“რადიო ათიანათი” ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ელოდება ათობით ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას აფხაზეთთან მდებარე გამყოფ ხაზთან, ზუგდიდის მხრიდან; მიცვალებულს აფხაზეთიდან მოასვენებენ, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.

ნეტგაზეთი “ათინათის” თანხმობით აქვეყნებს მასალას. კადრები გადაღებულია ოტობაია-ორსანტიას ხიდთან. აქ მდებარე გამშვები პუნქტი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი წლის წინ დახურა ხურჩა-ნაბაკევის პუნქტთან ერთად.

კადრებში ჩანს, როგორ ელოდება ხიდთან 50-მდე ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას. გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას ორივე მხარეს  გლოვობენ. ჭირისუფალი კი საგანგებოდ მოასვენებს მიცვალებულს, რათა ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.

ფოტო: რადიო ათინათი

გარდაცვლილის ბიძაშვილი, ელისო ფარულავა, რომელიც ხობიდან ჩამოვიდა ხიდთან, რადიო “ათინათს” ეუბნება:

“ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი, ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც ხომ უნდა შეგვეძლოს, რომ გადავიდეთ”.

რადიო იუწყება, რომ ორსანტიელების თანახმად, ეს არ არის მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა: გარდაცვილის ახლობელი, ფერიდე ქვარაია ამბობს, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ სახით დასტირის ხიდთან.

ფოტო: რადიო ათინათი

“ძალიან დიდი პრობლემაა, იქ ვერ ვტირით ვერავის. გვეკუთვნის, რომ ახლა იქ ვიყოთ, ნათესავია ჩემი, იმის გარდა დეიდაშვილიც მომიკვდა, ვერ დავიტირე. იქ ვარ გაზრდილი, ნაპირს მიღმა სკოლა მაქვს დამთავრებული. მოვიყარეთ აქ თავი ახლობელმა ნათესავებმა, რომ შორიდან მაინც გავუწიოთ თანაგრძნობა ჭირისუფალს. ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა. აქ მოტანილი “ვენოკები” მერე ხალხმა წყალში გადაყარა”.

“ათინათის” ცნობითვე, ტუფურიას ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა.

ფოტო: რადიო ათინათი

“გარდაცვლილის და გადავიდა, 200 ლარი გადაიხადა, ახლა ამბობენ, რომ აქეთაც ითხოვენ 200 ლარსო. ჩვენ ამ თანხას ვერ გადავიხდიდით. ფულით თუ შეიძლება გადასვლა, ისე გაეშვათ ასეთ დროს, ადამიანები არ ვართ?!”,- ამბობს ელისო ფარულავა.

ახლა აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. იქ გადასვლა ადამიანებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან თანხის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი