ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრი: ენგურს გადაღმა დატირების ფაქტი სულისშემძვრელი და არაადამიანურია

21 თებერვალი, 2019 •
მინისტრი: ენგურს გადაღმა დატირების ფაქტი სულისშემძვრელი და არაადამიანურია

სულისშემძვრელი და არაადამიანური – ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რადიო „ათინათის“ მიერ გავრცელებული კადრები, რომელზეც ასახულია როგორ დაიტირეს ოტობაია-ორსანტიას ხიდზე შეკრებილმა ადამიანებმა გარდაცვლილი ნათესავი ენგურის გადაღმა.

მინისტრის თქმით, ამ ადამიანებისათვის ეს ყოველდღიური ცხოვრებაა. 

„ჩვენ საქმე საოკუპაციო რეჟიმთან გვაქვს და აი, ეს სულისშემძვრელი ვიდეო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მისთვის უცხოა ყველაფერი ადამიანური, ადამიანი, მისი უფლება და განცდები. ამ შემთხვევაში საუბარი გალის მოსახლეობაზე იყო, მაგრამ დამერწმუნეთ, ანალოგიურ რთულ მდგომარეობაში არიან აფხაზები, ოსები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს, ფაქტობრივად, ოკუპაციის ტყვეობაშია. ამას ხშირად ვიმეორებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი კვალიფიკაციაა. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებები, ფაქტობრივად, უცხო ცნება გახდა მიმდინარე ოკუპაციის პირობებში.

„აღდგომა” მოდის და, რა თქმა უნდა, წინადადება გვექნება, რომ ადამიანები თავიანთი ნათესავების სასაფლაოებზე გადავიდნენ. იშვიათად ხდება, რომ გარკვეულ წარმატებას ვაღწევთ. იმედი მაქვს, გააცნობიერებენ, რომ ეს მნიშვნელოვანია. მე არ მგონია, ვინმემ ეს კადრები ნახოს, საითაც არ უნდა იდგეს პოლიტიკურად, და გულგრილი დარჩეს, რადგან ეს არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითია.

„ხვალ არჩილ ტატუნაშვილის წლისთავია. ესაა ყოველდღიური განცდა მით უფრო იმ პირობებში, როცა ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელები, კრიმინალები თავისუფლად დადიან“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი