ახალი ამბები

სააკაშვილი: პრეზიდენტის ხარჯების ნაწილი დასავლელი მეგობრების რეკომენდაციით გახდა საიდუმლო

14 აგვისტო, 2014 • • 1302
სააკაშვილი: პრეზიდენტის ხარჯების ნაწილი დასავლელი მეგობრების რეკომენდაციით გახდა საიდუმლო

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყაჩაღი გელაშვილის საქმესთან კავშირში არ არის:

 

“ყაჩაღია და კრიმინალი, ეს ყველამ იცის. ეს საქმე ყველამ არასერიოზულად და პოლიტიკურ დევნად აღიქვა. ამდენი წელი, როცა ივანიშვილი იძახოდა, რომ 19 მილიარდი წაიღო სააკაშილმა, არა მხოლოდ იძახოდა, ამ კაცმა დაიჯერა და ამ 19 მილიარდის შემდეგ იმის თქმა, რომ ცხრა წელიწადში 8 მილიონი წაიღო სააკაშვილმა, კი არ წაიღო, დახარჯა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, მე ვფიქრობ, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოდ აიგდებს მათ. საქართველოს მთავრობა გადავიდა ეპისტოლარულ ჟანრში. მე არ მახსოვს საქართველოს არც ერთი მთავრობა, რომელსაც მიმოწერა ჰქონდა ვაშინგტონ პოსტთან ასეთი ლანძღვა-გინებით, ამერიკელ სენატორებთან წინ და უკან წერილები ეგზავნა, ეს ყველაფერი სამარცხვინოა და მარაზმში გადადის, ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი წევს ხარჯებს, მაგრამ ხარჯებიც არის და ხარჯებიც. ამ ყველაფრის დოკუმენტირება მოვახდინეთ და ახალ მთავრობას გადავეცით. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ შეგვეძლო არაფერი გაგვეტარებინა, მაგრამ ყველაფერი გადავეცით. როგორც კი გადავეცით, ივანიშილმა წაიღო ეს ყველაფერი და ჩაკეტა სეიფში. ამის შემდეგ გამოაგდეს ორი -სამი ყალბი რაღაც, ბოტოქსი, საჯაიას და ბოკუჩავას რაღაც საჩუქრები, რომლებიც მათ არ მიუღიათ, ასავალ- დასავალში რაც დააწერინა ივანიშვილმა, იმას მოარგო ამ საბუთების გაყალბება. ასევე, ამ სამარცხვინოებმა ისიც გამოაქვეყნეს, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე იყო, გადავეცით ფასიანი საჩუქრები. კი, გადავეცით, მერე? რომ არ გადაგვეცა და კიდევ ოცი ქვეყანა დამატებოდა აღიარებას, რა იქნებოდა?”

 

მისი თქმით, პრეზიდენტის ხარჯების ნაწილი 2009 წელს დასავლელი მეგობრების რეკომენდაციით გახდა საიდუმლო, რადგან პუტინი და მედვედევი მისი განადგურებით იმუქრებოდნენ:

 

“გაიგო საქართველოს საზოგადოებამ, რომ თირკმლისთვის ვიღებ რაღაც ტაბლეტებს და პროსტატისთვის, ამით მოგეშვათ? პრეზიდენტიც ადამიანია და ხანდახან პროსტატაც ტკივა. მოეშვა ივანიშვილს, ეს რომ გამოაქვეყნა? 2008 წელს პუტინმა თქვა საჯაროდ, რომ სააკაშვილს გავანადგურებ, მედვედევმაც გაიმეორა. ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას გაასაიდუმლოებდა, ჩვენი დასავლელი მეგობრების რეკომენდაციაც ეს იყო. პრაქტიკულად არსად მყოლია ზედმეტი დაცვა, მე რაც არ უნდა დამაშინონ, ჩვეულებრივად გადავაადგილდები, რადგან თავისუფალი ადამაინი ვარ. “

 

სააკაშვილი ბრალდებას გასახდომ პროცედურებზე და ბოტოქსზე თანხების ხარჯვის შესახებ სრულ სიცრუეს უწოდებს:

 

“ცხრა წელიწადში  საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო, დაესწრო ორმოცდაათზე მეტ სამიტს, მიიღო მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ლიდერი საქართველოში, შვიდი პიჯაკი დაჯდა ეს და ამაზე აგებს ივანიშვილი ყველაფერს? ჩემს ოჯახს შემოსავალი არ აქვს, მე არ შემეძლო ყიდვა შესაბამისი პიჯაკის. “

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, ბრალი წარედგინა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას

 

“პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი