ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობაში ვრჩები – ოთარ ჩრდილელი

22 თებერვალი, 2019 •
საპარლამენტო უმრავლესობაში ვრჩები – ოთარ ჩრდილელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ 9 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანაავტორია, აცხადებს, რომ უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს.

“ხელი მოვაწერეთ [კანონპროექტს]. შემდეგ ვერ გავიდა. ჩემთან იყო მხოლოდ თემატური ერთობა, პოლიტიკური ერთობა არ ყოფილა. ამ ეტაპისთვის უმრავლესობაში ვრჩები”, – თქვა ოთარ ჩრდილელმა.

გუშინ, 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე კანონპროექტი ჩააგდო, ოთარ ჩრდილელმა Facebook-ში გამოაქვეყნა მონტესკიეს სიტყვები: “ხელისუფლების დაცემა-გადაგვარება იწყება იმ პრინციპების რღვევით, რომლებზეც ეს ხელისუფლება აღმოცენდა”.

დღეს კი დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტატუსში “ეწერა ის, რაც ეწერა” და უტრირებას ნუ მოახდენენ.

“უბრალოდ, აქ იყო რაღაც პოსტულატებზე საუბარი. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი არის დანაშალებრივად გამოსაცხადებელი. ზოგიერთებს ჩვენს გუნდში მიაჩნიათ, რომ ასე არ არის. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს”, – განაცხადა ჩრდილელმა.

მიუხედავად ამ აზრთა სხვადასხვაობისა, ჩრდილელი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებაში” განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის თანამშრომლობის რესურსი არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი