დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ “დღეს მიდის „ქართული ოცნების“ “ნაციონალიზაციის” პროცესი, როგორ პერსონალურ, ისე ღირებულებით დონეზე”.
“ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს “ნაციონალების” პროკურორები, “ნაციონალების” მოსამართლეები, “ნაციონალების” ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, და ამას ჩვენი პოლიტიკური გარანტიებიც: “რეპრეიებს არ მოვუწყობთო?” რეპრესიებზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა დაგვაკისრა”, – განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ დღეს მოარალურ უპირატესობას ვერ გრძნობს, რაგან “ქართულმა ოცნებამ” თავისი ვალდებულებების დიდი ნაწილი არ შეასრულა.
ფოფხაძის თქმით, ტყუილი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” დაპირებები ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა “ოცნების” ძველი გუნდისთვის, ფოფხაძის თქმით, პირველი ოქტომბრის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი დაბრუნების მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა მედიატორის როლი არ ითამაშა (“ქართული ოცნების” ძველ და ახალ გუნდს შორის) და მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით მხარედ იქცა.
“ქართულ ოცნებას” თუ ეყოლებოდა მედიატორი, რომელიც მხარეთა შემრიგებლურ პოზიციაზე იმუშავებდა, ეს მოგვცემდა გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს სამოქმედოდ. ბატონი ბიძინა ამ პირობას იძლეოდა კიდეც. მე მგონია, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ის გახდა მხარე. ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მედიატორი და არის მხარე, მაგრამ ამის იქით კითხვები მას უნდა დაუსვათ. მე არ მინდა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში არსებული პოლიტიკური დალტონიზმის ტენდენცია კიდევ უფრო გავაღრმავო. დღეს ქართული პოლიტიკა იმართება ორი ნეგატიური ემოციით: არ გვინდა “ნაცები” და არ გვინდა “ოცნება”. გაუთავებლად რომ ვილაპარაკო ბიძინა ივანიშვილზე ან “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ამ პოლიტიკურ დალტონიზმს შევუწყობ ხელს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ და დასძინა, რომ საუბარი უნდა შეეხოს აბსოლუტურად სხვა თემებს: ეკონომიკას, სოციალურ პრობლემებს, მოქალაქეების კონკრეტულ გამოწვევებს.
ფოფხაძის თქმით, მან ივანიშვილთან მუშაობის რესურსი ამოწურა, თუმცა მის მიმართ აგრესიული რიტორიკა არ ექნება.
“თუ მექნებოდა იმის იმედი, რომ ის ჩემს პოზიციას რამესთან დაკავშირებით გაითვალისწინებდა [ჩემს აზრს], მაშინ მექნებოდა იმის ვალდებულება, რომ იქ გამეგრძელებინა ჩემი პოზიციის მტკიცება. ჩვენ ვერ შევთანხმდით მთავარ საკითხზე – რა განსხვავებული აზრიც არ უნდა გქონდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, ამ განსხვავებული აზრის თაობაზე ველაპარაკოთ ქართველ ხალხს. თუ ვინმეს იმის მოლოდინი აქვს, რომ მე დავიწყებ აგრესიულ რიტორიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეს არ იქნება და არა იმიტომ, რომ ის ამას არ იმსახურებს. მე მგონია, რომ მე არა მაქვს ამის უფლება, როდესაც ტოვებ პოლიტიკურ გუნდს, რომლის წევრიც 6 წელი იყავი და მეტიც, თანამონაწილე იყავი ძალიან ბევრი პროცესის”, – განაცხადა გედევან ფოფხაზემ.
გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ “უკმარისობის გრძნობა” აქვს, რადგან “ქართული ოცნება” უფრო ადრე არ დატოვა, როცა ნახა, რომ განსხვავებული პოზიციების საჯარო გამოხატვა პარტიის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო.
ფოფხაძის თქმით, “ოცნების” მორჩილი უმრავლესება – კომკავშირლები, ვიღაცისთვის, შესაძლოა, უფრო მისაღები იყოს, რადგან წინააღმდეგობრივ პოზიციას არცერთ საკითხზე აფიქსირებენ.
“ქართულ ოცნებაში” არის ძალიან ბევრი პოლიტიკური მარიონეტი და მე არ მგონია, რომ ამ რიცხვის შევსება რამეს გაძლევდეთ ან თქვენ და ან პოლიტიკას. ან უნდა ვიყოთ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მატარებლები, ან რა აზრის აქვს მაშინ “ოცნებიდან” წამოსვლას”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბარი გედევან ფოფხაძემ ნაადრევად ჩათვალა.