ახალი ამბები

ნაზი ჯანეზაშვილის როლთან დაკავშირებით მე ახსნა არ მჭირდება – თამარ ჩუგოშვილი

22 თებერვალი, 2019 • 1451
ნაზი ჯანეზაშვილის როლთან დაკავშირებით მე ახსნა არ მჭირდება – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადად მისი რეკომენდაციით არის, ამიტომ მას არ სჭირდება ოპონენტებისგან ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანეზაშვილის საბჭოში ყოფნა.

“მე მგონი, საჯაროდ არ მითქვამს, მაგრამ ჩემი რეკომენდაციით არის ეს ადამიანი მოხვედრილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მე ახსნა და დასაბუთება არ მჭირდება ნაზი ჯანეზაშვილის როლთან დაკავშირებით. ყველაზე კარგად მესმის მისი იქ ყოფნის მნიშვნელობა. ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე. რეალურად, მოსამართლეების დანიშვნა, უვადოდ განწესება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის შედგენა – ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ მოსამართლეების მიერ, არამედ პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრების მხარდაჭერით”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატის თქმით, მას საუბარი ექნება ნაზი ჯანეზაშვილთანაც, არასამთავროო ორგანიზაციებთანაც და, პირველ რიგში, კოლეგებთან მმართველ გუნდში, ვინაიდან გუშინ გახმიანებული ინიციატივა არავისთან ჰქონია შეთანხმებული.

“მე მგონია, რომ, სამწუხაროდ, სრულიად უმტკივნეულო ფორმა ამ ვითარებაში უკვე აღარ არსებობს, მაგრამ  დაველაპარაკები სხვებს და ვეცდები, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულო და სამართლიანი ფორმით მივიღოთ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროება საერთოდ დადგება. მე ჯერ იმედი არ დამიკარგავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეყოფა გონიერება და გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შესახებ, ვიდრე პარლამენტი მოსამართლეთა სამართლიანად დანიშვნისთვის აუცილებელ კანონებს არ მიიღებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი გუშინ გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ორგანომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოიწვიოს თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი, თუკი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებს არ შეაჩერებს. თამარ ჩუგოშვილმა თანაგუნდელთა უმეტესობასთან ერთად მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიასა და სხვების ინიციატივას სასამართლოების I და II ინსტანციებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნების 2025 წლამდე შეჩერების თაობაზე. მან კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. ამ დროისთვის პარლამენტის კვოტით დანიშნული წევრები არიან:

  • შოთა ქადაგიძე
  • ნაზი ჯანეზაშვილი
  • ირმა გელაშვილი
  • ზაზა ხარებავა
  • ლევან გზირიშვილი

ამავე თემაზე:

“პარლამენტის პასუხისმგებლობისგან გაქცევა” – ანა ნაცვლიშვილი ჩუგოშვილის ინიციატივაზე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი