პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ინიციატივით გამოდის, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოში მის მიერ დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.
ჩუგოშვილის თქმით, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს ვეღარ მიიღებს.
“აქამდე მოვედით დაგვიანებული რეფორმებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით, რომლებიც დიდი ხნით ადრე უნდა მიეღო ამ ან წინა პარლამენტს. პროცესები დაგვიანდა იმის გამო, რომ ჩვენ ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, რაც არ იყო საჭირო. ფაქტია, რომ კანონების მიღების გაჭიანურებამ, რომელსაც უნდა განესაზღვრა, როგორ უნდა დაინიშნოს სამართლიანად მოსამართლე, მიგვიყვანა აქამდე”, – განაცხადა ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშნის გადავადების შესახებ 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.
ჩუგოშვილს არ ჰგონია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშნვის პრინციპი არასწორია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ფორმა არის არასწორი. ვიცესპიკერის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველაფეირ გააკეთა, რომ კრიზისში შესულიყო სიტუაცია.
ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, უდიდესი რაოდენობა იმ მოსამართლეების, ვისზეც საზოგადოების აგრესია მოდის, უკვე უვადოდ დანიშნულია, ხოლო ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი მოსამართლე გამოსაცდელი ვადითაა.
“ჩვენ ამ კანონპროექტით ვერაფერს მოვუხერხებთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც უკვე არიან უვადოდ დანიშნული. მაგრამ სამაგიეროდ 2024 წლის ჩათვლით აღარ გვეყოლება ახალი მოსამართლეები. არის თუ არა ეს სწორი გზა? მე რომ იუსტიციის უმაღლეის საბჭოს და იმ მოსამაღლეების ადგილას ვიყო და ვხედავდე, რომ ჩემი პერსონა იწვევს მთლიანად სასამართლოზე ასეთ დარტყმებს, თავად გავიხდიდი მოსამართლის მანტიას, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე და ისინი არ აპირებენ, ასე მოიქცენ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის ვიცესპიკერმა ამ სიტუაციიდან გამოსავალზე ისაუბრა:
“დაგვიანებული რეფორმები ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ. მეორე მხირვ, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ვიდრე ეს წესები და რეგულაციები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს უვადოდ განწესება მოსამართლეების. შესაბამისად, მგონია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს კრიტერიუმებს, არ გაანწესებენ მოსამართლეებს უვადოდ. თუკი საბჭო ამ პირობას არ შეასრულებს, მინდა შემოგთავაზოთ ერთი გზა: თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომლებიც ჩვენ დავნიშნეთ საბჭოში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მან ბოდიში მოუხადა კოლეგებს, ვინაიდან ეს ინიციატივა მათთან წინმსწრებად არ განუხილავს.