საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე 25 თებერვალს განაცხადებს, ტოვებს თუ არა “ქართულ ოცნებას”.
გედევან ფოფხაძის თქმით, მას სურს, გააზრებული და არგუმენტირებული პრესკონფერენცია გამართოს.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვარ ეკა ბესელიას მეგობარი. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს ერთად გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისთვის” უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ქართული ოცნება” დაშორდა ღირებულებებს. მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავაკეთო განსაკუთრებული, გააზრებული და არგუმენტირებული ბრიფინგი, სადაც მომეცემა საშუალება, სრულად გავშალო ის თემები, რაც ბოლო პერიოდში და ცოტა უფრო ადრე ხდებოდა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
“ქართული ოცნების” დატოვების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება და დაელოდება თანამოაზრე კოლეგების გადაწყვეტილებას, შემდეგ კი, გააგრძელებს კონსულტაციებს პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად. ბესელიას თქმით, მისი პოლიტიკური ძალის სახელწოდებაში შეიძლება ფიგურირებდეს სიტყვა “სამართალი”. ბესელიას თქმით, ის არ ითანამშრომლებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან”, თუმცა თანამშრომლობას შესაძლებლად მიიჩნევს “პატრიოტთა ალიანსთან”.