საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას აკრიტიკებს.
ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ჩუგოშვილის ინიციატივა არ არის გამოსავალი და ეს არის პარლამენტის მიერ პასუხისმგებლობისგან გაქცევა.
“ეს ვერ აგვარებს მთავარ პრობლემას, არ ეხება კლანს (მოსამართლე წევრები არ იცვლებიან და კლანის სხვა წევრებიც არ იცვლებიან), ანუ პრობლემის სათავე რჩება. გამოწვეულ იქნება პარლამენტის მიერ არჩეული ყველა წევრი. რატომ? ნაზი და ირმა, ვინც სიას ხმა არ მისცეს, რატომ უნდა გამოიწვიოს პარლამენტმა?! ერთადერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც პარლამენტს წევრის გამოწვევის უფლებას აძლევს, ამბობს, რომ ეს შესაძლებელია წევრის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. სად და როდის არ შეასრულა ნაზიმ უფლებამოსილება ჯეროვნად? ამასთან, პარლამენტის მიერ არჩეული ხუთივე წევრის ერთ ქვაბში მოხარშვა არის სერიოზული პრობლემა”, – წერს ნაცვლიშვილი.
მისი შეფასებით, ამ გზით პარლამენტი:
- გაექცევა კლანის მხარდამჭერი წევრებისთვის სახელის დარქმევას; და ზოგადად, მომხდარისთვის სახელის დარქმევას. შეგახსნებთ, პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, და ოცნებას, როგორც მმართველ ძალას, ჯერაც არ მიუცია სათანადო შეფასება სიის წარდგენისას ჩადენილი კანონდარღვევებისა და არაკეთილსინდისიერებისთვის. პირიქით, ამ ყველაფრის “გათეთრება” მოვისმინეთ ბევრისგან.
- პარლამენტი გამოიწვევს მის მიერ არჩეულ საბჭოს ყველაზე აქტიურ და სწორ პოზიციებზე მდგომ წევრს. ნებსით თუ უნებლიეთ, რა მესიჯია ეს მომავალი ჯანსაღი წევრებისთვის? იხმაურებ – გაგიწვევ.
“თუ არ შეიცვლება საბჭოს წევრების არჩევის პროცედურა პარლამენტის მიერ, ისევ ისეთ პირებს აირჩევენ, შეიძლება უარესებსაც. სანამ პარლამენტი გაურბის მომხდარი უკანონობებისთვის სახელის დარქმევას, და საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარებას კრახით დასრულებული სამტალღოვანი რეფორმის გამო, არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ ახალი ხუთეული უკეთესი იქნება, პირიქით, შეიძლება ერთი ნაზიც აღარ იყოს იმ ხუთკაციან შემადგენლობაში”, – წერს ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი გუშინ გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ორგანომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოიწვიოს თავისი კვოტით დანიშნული 5-ხუთივე წევრი, თუკი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებს არ შეაჩერებს. თამარ ჩუგოშვილმა თანაგუნდელთა უმეტესობასთან ერთად მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიასა და სხვების ინიციატივას სასამართლოების I და II ინსტანციებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნების 2025 წლამდე შეჩერების თაობაზე. მან კენჭისყრაზე თავი შეიკავა.
ჩუგოშვილმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ალტერნატიული გზა წარადგინა