“თითოეული ადამიანის ვალია წინ აღუდგეს ძალადობას, რომელმაც უკვე მასობრივი დანაშაულის ფორმა შეიძინა. ჩვენ მოწმენი გავხდით, თუ როგორ ხდება უძველესი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის, იეზიდების, მიზანმიმართული და სისტემატური დევნა და განადგურება. საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხმამაღლა საუბრობს გენოციდის ნიშნებზე”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
რელიგიათა საბჭოს წევრები იეზიდ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ და მსოფლიო რელიგიურ გაერთიანებებს, საერთაშორისო თანამეგობრობას და მთავრობებს საჭირო ზომების დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდებენ:
“ყოვლად დაუშვებელია ადამიანები იდევნებოდნენ განსხვავებული მრწამსის თუ შეხედულების გამო. ჩვენ ვგმობთ რელიგიის სახელით ყველანაირ ძალადობას, რელიგიის სახელით გაჩაღებულ კონფლიქტებსა და ომებს, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ რელიგია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შემწყნარებლობისა და მშვიდობის წყარო იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქარაქოშში, რომელიც ერაყის ყველაზე დიდი ქრისტიანული ქალაქია, ისლამური სახელმწიფო ადგილობრივებს აიძულებს, რომ ქალაქი დატოვონ. 11 აგვისტოს აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ჰუმანიტარული დახმარების მისია განხორციელდა სინჯარის მთაზე, სადაც ერაყიდან რელიგიური ნიშნით დევნილი იეზიდები აფარებენ თავს. ინფორმაციას ამის თაობაზე თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
CNN-ს ინფორმაციით, ასობით ათასი იეზიდი ერაყელმა ისლამისტებმა საკუთარი სახლებიდან იძულებით გამოასახლეს და დაახლოებით 40 000 მათგანი სინჯარის მთის მწვერვალზე შეიტყუეს.
