ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმსა და მოსკოვს შორის უსაფრთხოების საკითხებზე ახალი დოკუმენტის გაფორმება იგეგმება

12 აგვისტო, 2014 • 1219
სოხუმსა და მოსკოვს შორის უსაფრთხოების საკითხებზე ახალი დოკუმენტის გაფორმება იგეგმება

ირაკლი ხინთბა
ირაკლი ხინთბა


ხინთბას განცხადებით, დოკუმენტის განხილვა ახალი ხელისუფლების ფორმირების შემდეგ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. მისი თქმით, დოკუმენტში, რომელიც  აფხაზეთის სუვერენიტეტის გარანტი იქნება, ძირითადი დებულებები უნდა იყოს: “ურთიერთკოორდინაციის გაზრდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აფხაზეთში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია, რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ერთიან საბაჟო სივრცეში აფხაზეთის ჩართვის პირობების შექმნა, ასევე, ევრაზიული სივრცის  ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის  სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა”.


კითხვაზე, რა იგულისხმება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ურთიერთკოორდინაციის გაზრდაში, ხინთბა პასუხობს, რომ საუბარია საერთო სივრცის შექმნაზე, ვინაიდან რუსეთსა და აფხაზეთს საერთო საფრთხეები აქვთ.


“გაკეთდა განცხადება, რომ შესაძლოა ნატომ სამხედრო ბაზები ალიანსის არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე განათავსოს. დასავლეთის განზრახვას, ააშენოს  “დამცავი ქამარი” რუსეთის გარშემო, ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების მუქარად აღვიქვამთ, ვინაიდან საფრთხეები ჩვენთვის და რუსეთისთვის საერთოა”.


მისი თქმით, სოხუმი შეფასებას უკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების რისკებს.


“ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ თბილისი ძალიან აქტიურად მიისწრაფის ნატოში გაწევრიანებისკენ. ხოლო უკრაინის მოვლენებმა შეიძლება უბიძგოს დასავლეთს, სხვა რაიონებში იძიოს შური რუსეთზე. აფხაზეთის სტრატეგიული პოზიცია გვიბიძგებს რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო რისკები”.


აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ახალ შეთანხმებაში რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასაც მოეწერება ხელი.


“ჩვენი მიზანია, ვაქციოთ აფხაზეთი ქვეყანად, რომელიც სტაბილურად ვითარდება, გავხდეთ რუსეთის უახლოესი მოკავშირე, როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე, რეგიონული პრობლემების გადაჭრის კუთხით. ჩვენი ქვეყანა თავისი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სატრანზიტო პოტენციალით, ყოველთვის იქნება ღირებული პარტნიორი რუსეთისთვის და “სტაბილურობის თავშესაფარი” ამიერკავკასიის რეგიონში”.


ხინთბა ამბობს, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია ევრაზიულ კავშირში სრულფასოვანი მონაწილეობით, მაგრამ მას იქ ჯერ არ მიესალმებიან. ამიტომ, მისი თქმით, აფხაზეთისთვის აუცილებელია დაუახლოვდეს იმ ქვეყნების მიმართ წაყენებულ სტრუქტურულ, ინსტიტუციურ, ნორმატიულ და ადმინისტრაციულ მოთხოვნებს, რომლებიც ასეთი გაერთიანებებისკენ მიისწრაფიან.


“ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა და რუსეთთან სხვა ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივა დიდი სტიმულია”.  


ხინთბამ ქვეყნის შიდა მოდერნიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა, აფხაზეთის აღიარების მომენტიდან, ამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მინიმუმ 13 მილიარდი რუბლი გამოყო და ეს სახსრები ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.


“თუმცა დღეს უკვე აუცილებელია ახალ საფეხურზე გადასვლა – ქვეყნის მოდერნიზება ისე, რომ ის აქტიურად განვითარდეს, მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისათვის. საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა, ხელსაყრელი ფინანსური და საექსპერტო ინსტიტუციური გარემოს ფორმირება”.


დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორობის პერსპექტივებზე საუბრისას ხინთბა აცხადებს, რომ “აფხაზეთი ანტირუსულ ნაბიჯებს არასდროს გადადგამს”.


“ჩვენ ვიღებთ გარკვეულ დახმარებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც რუსეთი აკეთებს ჩვენთვის, ეს ზღვაში წვეთია. გარდა ამისა, დახმარება, რომელსაც დასავლელი პარტნიორები გვპირდებიან, დაკავშირებულია აფხაზეთის დაბრუნებასთან საქართველოს შემადგენლობაში. ასეთი წინადადებების მიმართ კი ჩვენ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი