ივანიშვილი ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტიდანაც გააგდებს – ოთო კახიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთო კახიძე ფიქრობს, რომ თიბისის შემდეგ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტის დატოვებაც მოუწევს. ამის შესახებ კახიძე ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

“ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეს დაატოვებინა მის მიერ შექმნილი ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიყვანა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად აქცია.

პროკურატურის განცხადების შედეგად – ხაზარაძე ფულის გათეთრებაში ფიგურირებსო და ეროვნული ბანკისგან მისი გადადგომის მოთხოვნა უმძიმესი დარტყმა იყო თიბისისთვის – ბანკის აქციების ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო.

ლოგიკურია, რომ ორ მთავარ რეგულატორთან დავის გაგრძელების შემთხვევაში ზიანი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, შესაბამისად, ხაზარაძის გადაწყვეტილება ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე ალბათ მაინც სწორი იყო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც განწირულად მოსჩანს ამ სიტუაციაში.

მარტივია – რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს (საუბარია ათეულობით და ასეულობით მილიონზე) პროექტში, რომლის ხელმძღვანელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება? არავინ.

შესაბამისად, ივანიშვილი ხაზარაძეს პორტის პროექტიდანაც გააგდებს. სავარაუდოდ, წელს ზაფხულში მორჩება ეგ ამბავი. მიზეზი იქნება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა”, – აცხადებს ოთო კახიძე.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო “ივანიშვილი არის უაღრესად საშიში ჩვენი ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის”.

“ამიტომ, თუ გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო და არა ოლიგარქის ბაღჩა-ბოსტანი, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ივანიშვილი გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ”, – აცხადებს კახიძე.

ამავე თემაზე

გამოძიებისა და სასამართლოსადმი მაღალი ხარისხის ნდობაა გამოსავალი – კაკულია ხაზარაძეზე

მამუკა ხაზარაძე თიბისის ტოვებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com