აღნიშნულ საკითხს დავით სერგეენკოს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
კერძოდ, ბრძანებას დაემატა ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, პოლიციისათვის ცნობის გადაცემას არ ექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევები, თუ დამატებით სახეზე არ არის სხვა გარემოებები, რომლებიც კანონით პოლიციისთვის ცნობას ექვემდებარება.
პოლიციისათვის ცნობის გადაცემას ექვემდებარება: ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე. უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა. ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა. მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა (გარდა ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობისა), როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე. ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა. საავადმყოფოში გვამის მიტანის, ან პაცინეტის მიყვანიდან 24 საათში დამდგარი სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.
