ახალი ამბები

არც ნებართვის გაცემა შეგვიძლია და არც შეკრების აკრძალვა – მერია “მარშის” მიმართვაზე

21 თებერვალი, 2019 • 1259
არც ნებართვის გაცემა შეგვიძლია და არც შეკრების აკრძალვა – მერია “მარშის” მიმართვაზე

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ 15 ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში აქციების ჩატარების თაობაზე “ქართულმა მარშმა” განცხადებით მართლაც მიმართა.

თუმცა, როგორც ნეტგაზეთს მერიაში განუცხადეს, მერია არც ნებართვის გაცემის ფუნქციით არის აღჭურვილი და არც შეკრების აკრძალვის უფლება გააჩნია.

“ქართულმა მარშმა მერიას მიმართა განცხადებით. შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით ორგანიზატორებს აქვთ ვალდებულება, ცნობის სახით ინფორმაცია მიაწოდონ მერიას, თუმცა მერია არც ნებართვის გაცემის ფუნქციით არის აღჭურვილი და არც შეკრების აკრძალვის უფლება გააჩნია”, – მისწერეს ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურიდან კითხვის საპასუხოდ.

“ქართული მარშს” თბილისის პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად თბილისის ყველა ცენტრალური ქუჩისა და გამზირის დაკავება სურს. ამის შესახებ ჯგუფის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “TV პირველის”  ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მოთხოვნა თბილისის მერიაში უკვე შეიტანეს.

“დღეს შევიტანეთ მერიაში განაცხადი, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს… “ქართულ მარშს” 15 ივნისიდან 30 ივნისამდე დაკავებული აქვს თბილისის ყველა ცენტრალური გამზირი თავისი აქციების გასამართად”, – თქვა მან.

ცნობილია, რომ 18-23 ივნისს თბილისში პრაიდის კვირეულის გამართვა იგეგმება. პრაიდის კვირეულის დასასრულს კი “ღირსების მარში” გაიმართება, რომელსაც ორგანიზატორების თქმით, საზეიმო და კარნავალიზებული ფორმა არ ექნება:

“პრაიდის კვირეულს დაასრულებს ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი