ახალი ამბები

ქართული ტოლერანტობა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში – პრეზიდენტის ინიციატივა

20 თებერვალი, 2019 •
ქართული ტოლერანტობა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში – პრეზიდენტის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში UNESCO-ს გენერალურ მდივან ოდრი აზულს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხს, გოგონების და ქალების განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობას და იმას, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რეგიონის, მხარისა თუ ქალაქის მოსახლეობისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული მხარის ინიციატივაა, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს.

“ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არცერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ იუნესკომ შექმნას მეორე კატეგორიის ცენტრი, რომელიც რეგიონულ დონეზე დაფარავს ყველა იმ საკითხს, რომელსაც იუნესკო კურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი