იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის სიუჟეტში მოსამართლეების ქონების შესახებ “ფაქტები სწორად იყო ნაჩვენები”, თუმცა ინფორმაცია ცალმხრივად და არასრულყოფილად იქნა საზოგადოებისთვის მიწოდებული.
როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კითხვის ნიშნები დაისვა არა უშუალოდ სიუჟეტის, არამედ ამ სიუჟეტზე საბჭოს არამოსამართლე წევრების “აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქციის” გამო.
“ვისაც როგორი სიუჟეტი უნდა, ისეთი მოამზადოს. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ გვქონდა შეკითხვები საბჭოს წევრების მიმართ, რომელთაც აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ იმ სიუჟეტზე. იქ შეიძლება მართლა იყო ფაქტები წარმოდგენილი, თუმცა ჩვენმა ოპონენტებმა და საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ეს შეაფასეს, როგორც კორუფციის არსებობა სასამართლოში”,- განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, რ2-ის სიუჟეტი არასრულყოფილი იყო.
“თქვენ აჩვენეთ მხოლოდ ქონება, რომელიც იყო დეკლარირებული და საზოგადოებას მიაწოდეთ იმგვარად, რომ გასჩენოდათ განცდა, თითქოს ეს არის არალეგალური შემოსავლებით მიღებული ქონება, მაშინ როდესაც თითქმის ყველაზე დეკლარაციაში, საიდანაც ამ ქონების მისამართები ამოიღეთ, მითითებულია საკმაოდ სოლიდური იპოთეკური სესხები, რომლებსაც პირნათლად იხდიან ჩვენი კოლეგები. ფაქტები რაც იყო, ყველაფერი სწორად იყო ნაჩვენები, თუმცა ინფორმაცია იყო მიწოდებული ცალმხრივად და არასრულყოფილად”,- თქვა მიქაუტაძემ “რუსთავი 2”-ის მისამართით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს მივიდნენ მოსამართლეები, თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ არიან და საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძისგან მოითხოვეს ახსნა-განმარტებები მათ მიერ გაკეთებული შეფასებების გამო.
“მოსამართლეები მოვიდნენ აქ იმისთვის, თუ რატომ გავაზიარე მე “რუსთავი 2″-ის სიუჟეტი და ამის მერე მეკითხებიან, თუ რატომ არის სასამართლო სისტემა ხრწნის პირას. სამარცხვინოა, როცა მოსამართლეები მოდიან საბჭოს სხდომაზე იმისთვის, რომ საბჭოს წევრს მოსთხოვონ პასუხო გაზიარებული სიუჟეტის გამო. ეს არის მინიმუმ არასერიოზულო და სამარცხვინო”-, განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ამავე თემაზე