ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, საქართველოში ბიზნესის დაცვა ჩინოვნიკებისა და სასამართლოს გამო რთულია

18 თებერვალი, 2019 •
ხაზარაძის თქმით, საქართველოში ბიზნესის დაცვა ჩინოვნიკებისა და სასამართლოს გამო რთულია

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოში დღესდღეობით ბიზნესის დაცვა რთულია, რისი მიზეზიც, სხვა მრავალთან ერთად, გაუმართავი სასამართლო და ჩინოვნიკებია.

“ერთი არის, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში შექმნა ბიზნესი და მეორე არის, რომ დაიცვა ეს ბიზნესი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ ბიზნესის კლასიკური დაცვისგან. ამას ბევრი პრობლემა აქვს, სასამართლო სისტემის გაუმართაობა.. ბევრი რამ.. ჩინოვნიკების თავხედობა, ხშირად.. და ა.შ.

ბიზნესის დაცვა, აქ  კი არა, უცხოეთშიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ კიდევ გიცავს საერთაშორისო კანონმდებლობა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ვერ და არ დაგჩაგრონ,” – ამბობს ხაზარაძე “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან შეხვედრაზე.

გარდა ამისა, ხაზარაძე დასძენს, რომ ანაკლიის პროექტში 2014 წელს გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მის ჯგუფი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გარიგებულა.

“არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია გარიგება. ეს არის იმის გამოძახილი, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი და არასოდეს არავის გავურიგდებით იმის გამო, რომ მან გვითხრას, ჩვენ შეგიქმნით სასათბურე პირობებს.

ჩვენ რაშიც ვიარეთ ბოლო 29 წლის განმავლობაში, ეს არის ცალკე ბლოკბასტერი. ჩვენი გადამრჩენი კი ყოველთვის იყო გამჭვირვალობა, სწორედ ის, რომ არავისთან კავშირში არ ვართ. თვითონ კითხვა: ესენი კიდევ ბიზნესში არიან? ამის პასუხია, რომ დიახ, ვართ ბიზნესში და ვიქნებით, იმიტომ, რომ ვაკეთებთ სუფთად,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აქვე დაამატა, რომ სწორედ მისი ჯგუფი იყო პირველი, რომელიც 1993 წელს განახადა, რომ “თეთრ ბიზნესში” არის.

“ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ არავინ გვყავს, არც გვინდა, რომ ვინმე გვყავდეს, ფარული მხარდამჭერი. და ეს აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი იარაღი ჩვენი ჯგუფის თავდაცვის,” – ამბობს ხაზარაძე.

ამავე თემაზე:

ხაზარაძე ანაკლიის პორტზე საუბრობს და თიბისის დატოვებას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი