ახალი ამბები

23 მილიონი ლარი დიდ დიღომში საჯარო სკოლის ასაშენებლად 

17 თებერვალი, 2019 •
23 მილიონი ლარი დიდ დიღომში საჯარო სკოლის ასაშენებლად 

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მშენებლობისთვის 23 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. სკოლა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში აშენდება.

სააგენტოს მიერ მომზადებულ ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „დავალება გაწერილია ორი სასკოლო შენობის დასაპროექტებლად: დაწყებითი I-IV კლასებისათვის და საბაზისო-საშუალო VII-XII კლასებისათვის. არქიტექტურულად შესაძლებელია ამ ორი შენობის დამოუკიდებელ ერთეულებად განვითარება, მათი ნაწილობრივი ინტეგრირება სხვადასხვა არქიტექტურული ფორმებისა და დეტალების საშუალებით, ასევე შესაძლებელია ამ ორი მოცემულების სრულიად შერწყმა და ერთი შენობის პროექტად ჩამოყალიბება. თუმცა მათ (დაწყებითი სკოლისა და საბაზო-საშუალო სკოლის ნაწილს) აუცილებლად უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი
შესასვლელები, სან-კვანძები, სარეკრიაციო და სასწავლო სივრცეები“.

სატენდერო პირობების მიხედვით, „შენობა სრულად უნდა აკმაკოფილებდეს თანამდეროვე არქიტექტურის მოთხოვნებს როგორც ვიზუალურად ასევე შინაარსობრივად. გასათვალისწინებელია განვითარებული ქვეყნების თანამედროვე სასწავლო შენობების სტილისტიკა. მინიმალისტური ფორმები, სიმსუბუქე, ფერადოვნება და ეკოლოგიურად სუფთა მასალები, ყოველივე ეს უზრუნველყოფს ჯანმრთელი და გემოვნებიანი მომავალი თაობის აღზრდას. შენობის მზიდი კონსტრუქცია უნდა იყოს რკინა-ბეტონის კარკასი“.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ზოგადი რეკომენდაციები და მოთხოვნები. დაწყებითი [I-VI კლასები] საგანმანათლებლო/სასწავლო ბლოკი 600 მოსწავლეზე უნდა იყოს გათვლილი, ხოლო საბაზო-საშუალოსი [VII-XII კლასები] – 720 მოსწავლეზე.

მშენებლობის ვადად განსაზღვრულია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

ფოტო სკოლის შენობის ვიზუალური აღქმისთვის / ფოტო ტენდერიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი